მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

29.03.2016 • 3610
პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს პირველად წელს ზაფხულში ჩაუტარდება. ბრუცელოზი იმ საკარანტინო დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანს არა მარტო რძისა და ხორც-პროდუქტების მიღებით, არამედ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით გადაედება. დაავადების რისკ-ფაქტორებისა თუ გავრცელების სიხშირის მიუხედავად, სახელმწიფომ დაავადებასთან ბრძოლა მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „FAO“-ს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაც გასულ წელს დაიწყო.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირებას, გამოკვლევასა და პრევენციული ღონისძიებების პერიოდულად გატარებას გულისხმობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი ამბობს, რომ ბრუცელოზის დაავადებასთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში გასულ წელს მსხვილფეხა პირუტყვის  სეროლოგიური გამოკვლევით დაიწყო. გასულ წელს სააგენტომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწილი გამოიკვლია და წელს დამატებით, ამავე რეგიონებში 200 000-მდე პირუტყვის გამოკვლევას გეგმავს. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის თქმით, სამომავლოდ პირუტყვის გამოკვლევა და ვაქცინაცია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

ძროხასააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს აჭარაში გამოკვლეული 27 551 მსხვილფეხა პირუტყვიდან ბრუცელოზი 192-ს გამოუვლინდა. ყველაზე მეტი, სულ 12 234 მსხვილფეხა რქოსანი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოიკვლიეს. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, კვლევა ქედაში 3096-ს, შუახევში – 5 458, ქობულეთში – 3 760, ხელვაჩაური – 1 752, ქალაქ ბათუმში კი 251 პირუტყვს ჩაუტარდა. ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა, 126 ხულოშია გამოვლენილი, ყველაზე ნაკლები, ორი შემთხვევა კი ქედაში.

„მსხვილფეხა საქონლის სეროლოგიური გამოკვლევა, რაც სისხლის ნიმუშების აღებას  გულისხმობს, კახეთში, აჭარაში, თბილისსა და მის შემოერთებულ სოფლებში გასულ წელს დავიწყეთ, ამ რეგიონებში წელსაც გაგრძელდება პირუტყვის გამოკვლევა,  დაავადების ცირკულაცია მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ. შემდეგაც იქნება ვაქცინაცია, თუმცა მხოლოდ იმ მსხვილფეხა საქონელს ჩაუტარდება, რომელსაც საყურე ნიშანი გააჩნია და რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია“, – ამბობს ლაშა ავალიანი.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფერმერის მსხვილფეხა პირუტყვს გამოკვლევით ბრუცელოზი დაუდგინდება, დაავადებული საქონლის დაკვლას მას კანონი ავალდებულებს. კანონმდებლობა ფერმერთა კომპენსირებას არ ითვალისწინებს.

ლაშა ავალიანი ამბობს, რომ გრძელვადიანი პროგრამით იგეგმება დაზარალებულთა კომპენსირება, თუმცა რა თანხას მიიღებს ფერმერი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში, პროგრამაში ამ დროისთვის დეტალურად არ არის გაწერილი. დღემდე კომპენსაცია არავის მიუღია.

სამსახურის უფროსის აზრით, ამ შემთხვევაში „მთავარი ის არის, რომ დაავადებასთან ბრძოლა მიმდინარეობს და არა კომპენსირების საკითხი, რადგან დაავადებული საქონელი რისკია არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც. კომპენსაციის საკითხი კი ბევრ სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს“.

როგორც ლაშა ავალიანი ამბობს, წელს ზაფხულში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით – „ერდე-51“-ით მხოლოდ მდედრი და არამაკე მსხვილფეხა საქონელი აიცრება. ლაშა ავალიანის თქმით, ეს სამიზნე რეგიონებში – აჭარაში, კახეთში, თბილისში – არსებული პირუტყვის 70%-ია.

შემდეგ ეტაპზე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის აცრა იგეგმება.

ვაქცინა „ერდე-51“ საქართველოში არ იყიდება, ვაქცინას სურსათის ეროვნული სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეიძენს. ამ დროისთვის უცნობია რა თანხაზე გამოაცხადებს ტენდერს სააგენტო ამ მიზნით. ლაშა ავალიანის თქმით, ერთი პირუტყვის ვაქცინაცია სახელმწიფოს მინიმუმ ორი ლარი დაუჯდება.

ბრუცელოზთან ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგს ქართველ სპეციალისტებთან ერთად FAO-ს წარმომადგენლებიც გაუწევენ.

 

ამავე თემაზე:

საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: