მთავარი,სიახლეები

საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში

28.03.2016 • 3343
საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში

დღეს 28 მარტს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო. ფილმი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ქალთა სამართლებრივ მდგომარეობას ასახავს. ოფიციალური მონაცემებით,  2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 34 ქალი მოკლეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დისკუსიის მიზანია დავინახოთ, თუ როგორ ხედავს საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას და როგორ უნდა გაუმჯობესდეს მუშაობა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„საია საკმაოდ აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზე და შეგვიძლია ვთთქვათ, რომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემი და რისკ-ფაქტორებიც არის ძალიან გაზრდილი. სამწუხაროდ, საზოგადოების რეაგირება არ არის მძაფრი ქალთა მიმართ ძალადობაზე,  სანამ მედიით არ გაიგებს ქალთა გარდაცვალების შესახებ. ამიტომ, ჩვენი აქტიურობა უნდა იყოს მიმართული მანამდე, სანამ ფატალური შედეგი დადგება“.

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, მსგავს თემებზე დისკუსია მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

„ქალის როლთან მიმართებაში საკმაოდ სტერეოტიპულია საზოგადოება და მის როლს ოჯახში როგორც მეორეხარისხოვანს ისე განიხილავს. არც სახელმწიფოს ქმედებებია ეფექტური. პოლიციელებიც კი, როდესაც გადიან შემთხვევის ადგილზე, მიიჩნევენ რომ ოჯახში მომხდარი კონფლიქტი არის ოჯახის საქმე და თავს არიდებენ გამოძიების ეფექტურად წარმართვას და ცდილობენ  ქალსა და კაცს  შორის არსებული უთანხმოება ურთიერთშეთანხმების გზით მოაგვარონ. ასეთმა ფაქტებმა კაცებში გააჩინა დაუსჯელობის სინდრომი, რის შედეგებიც  ასახულია საიას მიერ მომზადებულ ფილმში“.

დისკუსიის დროს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზად დასახელდა როგორც სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური მუშაობა, ასევე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რომელსაც ხშირად უწევენ ადამიანები ანგარიშს.

„ბათუმში მოხდა შემთხვევა, როცა ნაცემმა ცოლმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და რომ მოვიდა სასწრაფო, ქმარმა უფლება არ მისცა მათ ცოლისთვის წნევა გაესინჯათ. ექიმებმა რეაგირებაც არ მოახდინეს ამ ფაქტზე ისე დატოვეს პაციენტი“ – ამბობს „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია“-ს წარმომადგენელი მარკელა ჩხაიძე.

 

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. საიას მიერ მომზადებული ფილმის განხილვა

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. საიას მიერ მომზადებული ფილმის განხილვა

დისკუსიას ესწრებოდნენ აჭარის უმეღლესი საბჭოს დეპუტატებიც. ასმათ დიასამიძის აზრით, ქალი ძირითადად მაშინ ხდება მსხვერპლი, როცა ის სოციალურად დაუცველია და ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ წასასვლელი არსად აქვს:

„ასეთ დროს ქალი იძულებულია მოითმინოს ძალადობა. ამიტომ, აუცილებელია დაიმსხვრეს სტერეოტიპები  ოჯახში მობრუნებული ქალის შესახებ და  ქალს, რომელსაც საფრთხე ექმნება ქმრის ოჯახში, მისი დროული განრიდება მოხდეს“.  მედეა ვასაძის აზრით კი, ოჯახში ძალადობის მიზეზს სოციალური ფაქტორიც განაპირობებს.

ქალთა ძალადობის შესახებ ფილმი, მომზადებულია ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: