სიახლეები

მუსიკა საზღვრების გარეშე

27.03.2016 • 2477
მუსიკა საზღვრების გარეშე

გულდასაწყვეტია, რომ გაზეთის ფურცლებით მელოდიებს ვერ გიზიარებთ, თუმცა, ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ის ფენომენია, რომელზეც აუცილებლად უნდა გიამბოთ…

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. თავდაპირველად ორკესტრის რეპერტუარში, ძირითადად, სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა, ბოლო პერიოდში კი ორკესტრი მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებს ასრულებს. რეპერტუარის მრავალფეროვნება სამხედრო ორკესტრს საინტერესო სოლო საკონცერტო მოღვაწეობის საშუალებას აძლევს. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრს ხშირად იწვევენ სხავადასხვა კონცერტზე, საერთაშორისო ფესტივალზე. 2008-2009 წლებში უკრაინის ქალაქ სუმში, 2014 წელს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ სამხედრო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სამხედრო ორკესტრი შეუდარებლად წარდგა მსმენელთა წინაშე და უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა.

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს უფროსი ლეიტენანტი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ 2014 წელს მსოფლიოში აღიარებულ პიანისტებთან, ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად, გაიმართა კონცერტების სერია, სადაც შესრულდა გერშვინის და პროკოფიევის ნაწარმოებები, ადაპტირებული ფორტეპიანოსა და სასულე ორკესტრისათვის.

ორკესტრის ხელმძღვანელი უფროსი ლეიტენანტი კობა მერმანიშვილი: „მიხარია, რომ ნაწილობრივ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი და მუსიკალურმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ სამხედრო ორკესტრისთვის არ არსებობს შეზღუდვა, არ არსებობს სირთულე. ეროვნული გვარდიის ორკესტრი ისეთი სირთულის ნაწარმოებებსაც ასრულებს, როგორიც არის გერშვინის „ცისფერი რაფსოდია, პროკოფიევის „კონცერტი N1.

მუსიკას არ აქვს უმაღლესი წერტილი, საბოლოო მიზანი, რომლისკენაც მიდიხარ. მუსიკა უსასრულოა და შესაბამისია მოქმედების პრინციპიც: რაც უფრო მეტს მუშაობ, რაც უფრო მეტს ისმენ, უფრო მეტს აღმოაჩენ…  ამიტომაც წინ ძალიან ბევრი მუსიკალური ექსპერიმენტი და სიახლე გვაქვს.

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს წარმატებას ვუსურვებთ, მკითხველისთვის კი კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გვაქვს:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა. საკონკურსო განცხადებების მიღება – 2016 წლის 23 თებერვლიდან 29 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება კონკურსში მონაწილეობა  ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს შეუძლია.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მოგვწეროთ ორკესტრის ფეისბუქის გვერდზე:
https://www.facebook.com/MODorchestra

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: