მთავარი,სიახლეები

მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე

26.03.2016 • 2687
მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე

ანაბარს კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ხსნიან – საბიუჯეტო სახსრებით. მაგალითად, აჭარის მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანაბრებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მოიგო, ბათუმის მერიამ – 7 მილიონ 605 938 ლარი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ აჩვენებს მოგებას, რადგან ანაბარზე შეტანილი საბიუჯეტო თანხის დიდი ნაწილი ის საბიუჯეტო ნაშთია, რომელიც ხელისუფლებამ წინა წელს ვერ დახარჯა სხვადასხვა მიზეზის გამო.

„ამ თანხის ბანკში განთავსება და მოცდენა ყველაზე არაეფექტური გზაა. ეს აჩვენებს, რომ მთავრობას ფულის ხარჯვის უნარი არ აქვს,“ _ უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ვაჟა ვერულიძემ.
თავისუფალი საბიუჯეტო თანხის ანაბარზე შესატანად საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველი წლის ბოლოს მართავენ კონკურსს. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მაღალ პროცენტს გადაიხდის. ანაბარი უვადოა, ანუ აჭარის მთავრობას, ან მერიას შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს ანაბარზე განთავსებული თანხით. 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ის საპროცენტო მაჩვენებლები, რასაც ბანკები საბიუჯეტო თანხაში იხდიან. მაგალითად, აჭარის მთავრობას 2013 წელს „ლიბერთი ბანკი“ 15,2 პროცენტს უხდიდა [წლიურმა მოგებამ 5 689 329 ლარი შეადგინა], 2014 წელს იმავე ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტამდე შეამცირა და პირობის შესრულება წლის ბოლომდე ვეღარ შეძლო.
„ვცდილობთ, წლიური საპროცენტო მაჩვენებელი არ იყოს იმაზე დაბალი, რაც წინა წელს იყო. პროცენტი მაშინ იკლებს, როცა კონკურსში მონაწილეობას არ იღებს არც ერთი ბანკი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ჩვენ მოვითხოვეთ 9 პროცენტი, კონკურსი ჩავარდა და მეორე ეტაპზე განახევრებული მაჩვენებელი – 4,5 იყო საწყისი მოთხოვნა. 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის ჩათვლით 5,4 პროცენტს გვიხდიდა „თიბისი ბანკი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ღომიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი.
2014 წელს აჭარის მთავრობის საბანკო მოგება 6 052 057 ლარი იყოს, 2015 წელს – 3 605 938 ლარი. მიმდინარე წელს კი აჭარის მთავრობის საბიუჯეტო თანხას „ვითიბი ბანკი“ განკარგავს – 14-პროცენტიანი წლიური სარგებლით.
ანალოგიური ტენდენცია ჩანს ბათუმის მერიის საბანკო ანაბარზეც. ბათუმის მერიას წელს „საქართველოს ბანკი“ 13,8 პროცენტს გადაუხდის. ყველაზე მაღალ პროცენტს მერია 2013 წელს იღებდა – 15,2-ს „ლიბერთი ბანკისგან“, ყველაზე დაბალს კი გასულ წელს – ზუსტად 6 პროცენტს „ვითიბი ბანკისგან“.
„უბრალოდ არ გვსურდა და აღარ მივიღეთ მონაწილეობა. სხვა კითხვებზე ვერ გიპასუხებთ,“ – ასე უპასუხეს „ბათუმელების“ შეკითხვას „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში. „საქართველოს ბანკსა“ და „ვითიბი ბანკში“ კი ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.
რამ განაპირობა საპროცენტო განაკვეთების ცვლილება და რატომ შემცირდა იგი რადიკალურად წინა წლებში – ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ამას ეროვნული ბანკის რეფინანსირების მაჩვენებელი განსაზღვრავს, რაც ინფლაციის პროცესზეა დამოკიდებული. „ეს პროცენტები კარგად აჩვენებს, რეალურად სად და რა დონეზე გამოიხატა ინფლაცია,“ – გვითხრა „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, გივი ადეიშვილმა. მისი შეფასებით, კომერციული ბანკებისთვის ასევე უმჯობესია სესხად საბიუჯეტო თანხა აიღონ და გადაიხადონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე ეროვნული ბანკი მოითხოვს სესხად გაცემულ ფულში. „ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 8 პროცენტია. კომერციული ბანკი 14 პროცენტს გადაუხდის, მაგალითად, აჭარის მთავრობას, მაგრამ ეს ბანკს მაინც აწყობს, რადგან საბიუჯეტო თანხას გრძელვადიანი ხელშეკრულებით _ ერთი წლის ვადით იღებს,“ – ამბობს გივი ადეიშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი, ვაჟა ვერულიძე მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო თანხის ანაბარზე განთავსება ეკონომიკური ეფექტის მომცემი ვერასდროს იქნება: „რა თქმა უნდა, თანხის რაღაც ნაწილი შეიძლება განათავსო ანაბარზე, მაგრამ როცა ხელისუფლება კონკრეტულ პროექტებს ვერ ახორციელებს და ე.წ. თავისუფალ ნაშთს ანაბარზე ათავსებს, მიუღებელია. ეს ნიშნნავს, რომ მთავრობას ფულის ხარჯვის უნარი არ აქვს. ბანკში ამ თანხის დადება ნიშნავს ფულის მოცდენას.“
2015 წელს მერიას ანაბარზე საშუალოდ 35 მილიონი ჰქონდა განთავსებული, 2014 წელს – 27 მილიონი, 2013 წელს – 20 მილიონი ლარი. აჭარის მთავრობას კი, თავისუფალი ფულადი სახსრების სახით გასულ წელს 50 მილიონამდე მორჩენია, 2014 წელს – 43 მილიონი, ხოლო 2013 წელს – 17 მილიონამდე ლარი.
უცნობია, კონკრეტულად ამ კუთხით მიღებულ შემოსავლებს რაში ხარჯავს, როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტი, ასევე აჭარის მთავრობა. ანაბრიდან მიღებული მოგება ისევ ბიუჯეტის ხარჯვის საერთო მაჩვენებლებში ექცევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: