მთავარი,სიახლეები

ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

26.03.2016 • 1515
ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს:

სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, კონცეფცია, რასაც შემდგომში დაეყრდნობა კანონმდებლობა, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. ასევე მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს სახელმწიფოს მხრიდან ეკომიგრანტის სტატუსის განსაზღვრა შესაბამისი კანონის მიღებით, ან უკვე არსებულ ნორმატიულ ბაზაში აუცილებელი ცვლილებების შეტანით.

ეკომიგრანტის საკანონმდებლო სტატუსის განსაზღვრის ნაწილში, განსხვავებული მოსაზრება აქვს „დემოკრატიის ინსტიტუტს“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ ხახუტაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უმჯობესია ხელისუფლებამ გრძლევადიანი სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც უფრო ეფექტური იქნება: „კანონის მიღება ეკომიგრანტებზე ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურად ქმნი მარგინალურ ჯგუფს. ასე თუ მივყვებით, მაშინ ცალკე უნდა შევქმნათ კანონი, მაგალითად, მიუსაფარი ადამიანებისთვისაც. უმჯობესია, სახელმწიფოს ჰქონდეს განსაზღვრული მკაფიო სტრატეგია, რომელიც დეტალურად გაიწერება სახელმწიფო პროგრამებსა და ბიუჯეტში“.

არჩილ ხახუტაიშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე აკეთებს აქცენტს -კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. კვლევაში აღნიშნულია:  „ეკომიგრანტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის, კრიტერიუმების შემუშავების დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოტენციური ეკომიგრანტების და ეკომიგრაციის დანიშნულების პუნქტებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა“.

კვლევამ გამოავლინა ისიც, რომ ეკოლოგიური საშიშროების ზონებში აუცილებელია საცხოვრისების აღწერა და ხელისუფლების წარმომადგენლების რეგულარული ვიზიტები საფრთხის ზონაში განთავსებულ დასახლებულ პუნქტებში. „ეკოლოგიური საშიშროების ზონებში ექსპერტებმა და ხელისუფლებამ უნდა აუხსნან მოსახლეობას, რომ ზვავსაშიშ ნიადაგებზე მიწის დამუშავება დაუშვებელია. ამავე დროს, მოსახლეობისთვის უნდა შეიქმნას შემოსავლის ალტერნატიული წყაროები, რათა მათ უარი თქვან ამ საშიშ საქმიანობაზე“ –  აღნიშნულია კვლევის რეკომენდაციებში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: