მთავარი,სიახლეები

ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით

22.03.2016 • 1551
ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით

„ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ – ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში.

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე – ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებსა და ქველმოქმედებას ორი სხვადასხვა ფონდის მეშვეობით ახორციელებს. ასევე, საინტერესოა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებში ხშირად ისმის კითხვა – აპირებს თუ არა ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. მართალია, ლეონიდ ჩერნოვეცკისგან განსხვავებით, პაატა ბურჭულაძეს არ განუცხადებია არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ, თუმცა „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურად არის ჩართული“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ პოლიტიკური და საქველმოქმედო საქმიანობა ერთდროულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. კერძოდ, თუ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი აქვს, მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და დაექვემდებაროს პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს, ამასთან, უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქველმოქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.

დღეისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს ლეონიდ ჩერნოვეცკის მხოლოდ ერთი ფონდი – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ დაუქვემდებარა, ხოლო მისივე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მონიტორინიგს არ ექვემდებარება არც „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ და არც მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ვინაიდან მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაცხადებული არ აქვს.

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გარდა, არსებობენ პირები (როგორც ფიზიკური ისევე იურიდიული), რომლებიც შესაძლოა არ არიან დარეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა მათი საქმიანობა შეიცავს პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს პირები, პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარებიან – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: