ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

22.03.2016 • 4199
კომპანია  „ორბის“  დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა.

100-მდე მუშის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებზე “ბათუმელებმა” კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს ჰკითხა.

„ობიექტი 39-სართულიანია. არის საკმაოდ რთული კონსტრუქციული გადაწყვეტები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილების კუთხით არის დეფიციტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. შესაბამისი პრაქტიკის მიღების შემდგომ უკვე ერთობლივად განხორციელდება სამუშაოები. ასე რომ პოზიცია – კომპანიამ თანამშრომლები გაუშვა, სწორი არ არის. მაქვს როტაცია იმის გათვალიწინებით, რომ არის სპეციფიკური სამუშაოები სიმაღლეებზე, რისკის ქვეშ ხომ ვერ დავაყენებ 39-სართულიან კომპლექსს. ამიტომ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მსგავსი ტიპის პროექტებზე.

წაქცეული ამწე

წაქცეული ამწე

მუშაობის ტემპი რომ არ მაკმაყოფილებდა და ექვსი სართული რომ უნდა ავაშენოთ ერთი თვის განმავლობაში, ამის პრაქტიკა ჩვენს მუშა-მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. არის დისციპლინის მომენტიც, უნდა მივეჩვიოთ დისციპლინირებულ მუშაობას. როდესაც გააფრთხილებ, რომ მობილური ტელეფონი ადგილზე არ უნდა იყოს, სიგარეტი მშენებლობაზე არ უნდა მოწიო, არ უნდა დააგვიანო… სამწუხაროდ, დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენი ჯგუფი ამ დისციპლინას მიეჩვიოს… ამოცანა – თვეში აშენდეს ერთი სართული – რთული ხდება.

ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ვიღაცას პრობლემები შევუქმნათ. გადავდივართ სხვა სტრუქტურაზე და სხვა ტექნოლოგიაზე, რომლის გამოცდილებაც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ჩემი ინტერესი არის ორი რამ: კომპლექსი აშენდეს სწრაფად და ტექნოლოგიური ციკლის დაცვით და ისე, რომ ხვალისთვის ჟურნალისტებმა ის კითხვა არ დამისვათ, თუკი ქართველი სპეციალისტები ამას ვერ ახორციელებდნენ, უცხოელები რატომ არ მოიწვიეთო. და მეორე – ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც ამ პროცესებს დააკვირდებიან და შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ, განახორციელონ მისი ინპლემენტაცია ადგილობრივ მუშებში“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

კომპანია “ორბის” იმ ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, 19 თებერვალს კოშკურა-ამწე წაიქცა. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქვაფენილი და აუზის ნაწილი ბათუმის ახალ ბულვარში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: