მთავარი,სიახლეები

დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

22.03.2016 • 2573
დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს 22 მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია  2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი დაიხარჯა.

„განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, ეზოში  აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა  და  კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული  უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი  1908 წელს დაარსდა, მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით, როგორც სასკოლო მუზეუმი.

1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით კი იგი საქალაქო მუზეუმად გადააკეთეს. 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს.

„ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი“.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: