მთავარი,სიახლეები

“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში

21.03.2016 • 3064
“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში

3D პრინტერები და 3D სკანერი, რომლებითაც თითქმის ნებისმიერი ფორმის მყარი ნივთის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ლაზერული მჭრელები და მსგავსი აღჭურვილობა, რომლებიც ტექნოლოგიების ბოლო თაობას მიეკუთვნება, – ბსუ-ს საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი. შენობის მეორე სართულზე, ღია სივრცეში განთავსებული ლაბორატორია თანაბრად მიმზიდველია როგორც მომავალი არქიტექტორების, ისე ელექტრონული მიმართულების ინჟინრებისთვის. ლაბორატორიის მთლიანი ღირებულება 200 ათასამდე ლარია.

გიზო ფარცხალაძე

გიზო ფარცხალაძე

ბსუ-ში საინჟინრო-ტექნოლოგური ფაკულტეტის დეკანს, გიზო ფარცხალაძეს, თავის სამუშაო მაგიდაზე უდევს მომცრო ზომის კოლიზეუმი. ეს ნიმუში გიზო ფარცხალაძეს რომელიმე მოგზაურობიდან კი არ ჩამოუტანია, არამედ თავისივე ფაკულტეტის „ფაბლაბის“ ლაბორატორიაში ჩამოუსხამთ 3D პრინტერზე. იმავე ლაბორატორიაში ჩამოსხმულია სახლის მაკეტი, აინშტაინის გამოსახულება, ამერიკული ცათამბჯენების მოდულები. ლაბორატორიაშივე დგას ლაზერული ჩარხებითა თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მიერ შექმნილი თითქმის ერთი მეტრი სიმაღლის ეიფელის კოშკი.

გიზო ფარცხალაძის თქმით, სამგანზომილებიანი სკანერით ხდება ამა თუ იმ ფიგურის, ელემენტის, დეტალის, კონსტრუქციის სკანირება სპეციალურ ფორმატში, რაც შემდეგ გადააქვთ კომპიუტერში. ამის შემდგომ უკვე შეიძლება სამგანზომილებიანი პრინტერით ამოიბეჭდოს ნებისმიერი ნივთი“.

რამდენად შეძლებს სამგანზომილებიანი სკანერის გამოყენებას ჩვეულებრივი კომპიუტერული უნარების მქონე ადამიანი? – გიზო ფარცხალაძე ამბობს, რომ ამ ტექნიკის მოხმარებას ნებისმიერი სტუდენტი მას შემდეგ შეძლებს, რაც სათანადო უნარებს გამოიმუშავებს: “ზოგადად კი, სამგანზომილებიანი სკანერი ისევე ახდენს საგნის კოპირებას, როგორც ორგანზომილებიანი – ფურცლის კოპირებას. უბრალოდ, სამგანზომილებიანის შემთხვევაში ფაილს სპეციალურ ფორმატში უნდა  შენახვა“.

გიზო ფარცხალაძის თქმით, 3D პრინტერზე ერთი საგნის ამობეჭდვას შეიძლება დასჭირდეს ორი ან მეტი საათი, გააჩნია დეტალის სირთულესა და ზომას. `მასალად გამოიყენება ფილამენტი (სუბმიკროსკოპული სისქის ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები, ფილამენტა. ლათ.ფილუმ – ძაფი), რომელსაც აქვს წვრილი მავთულის სახე და დახვეულია რგოლზე. ფილამენტი არის სიმინდის ტაროებისგან დამზადებული სპეციალური მასალა, რომელიც პლასტმასისგან განსხვავებით არის ეკოლოგიურად სუფთა“, – განმარტავს გიზო ფარცხალაძე.

ბსუ-ს ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნიმუშები

ბსუ-ს ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნიმუშები

ფილამენტისგან მყარი საგნები ჩამოისხმება. პრინტერზე მიერთებული ფილამენტი გახურების შემდეგ დნება და გადის იმ პოზიციებში, სადაც მას პრინტერი მიუთითებს.  ბსუ-ში სამი ფერის – შავი, თეთრი და წითელი ფილამენტი აქვთ. თუმცა თუ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერ ტერმინს – “ფილამენტი“, აღმოაჩენ, რომ ეს ნივთიერება გაცილებით მეტ ფერშია გადაწყვეტილი.

3-განზომილებიანი სკანერის გარდა ბსუ-ს “ფაბლაბის“ ლაბორატორიაში აქვთ ლაზერული ჭრის აპარატიც. “კონსტრუირების პროცესში სტუდენტი ქმნის, ვთქვათ, შენობის პროექტს/ნახაზს, რომელსაც შემდეგ ყოფს დეტალებად. ზუსტად დეტალირების ფაილები შეგვყავს კომპიუტერში… ეს დეტალები შემდეგ იჭრება ლაზერული ჭრის აპარატით. გამზადებული დეტალები ბოლო ეტაპზე ერთდება”, – ამბობს გიზო ფარცხალაძე.

6უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასევე აქვთ 3-განზომილებიანი CNC-ის ჩარხი. ამ ჩარხის მეშვეობით ნებისმიერი დეტალის გამოჩარხვა არის შესაძლებელი, ანუ მასალა, მათ შორის ალუმინი, ხე, პლასტმასი, იდება ჩარხში, რომელსაც სასურველ ფორმას აძლევს აპარატი. ამ მეთოდით გამოჩარხვას ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს.

CNC-ის საშუალებით შეიძლება ელექტრონული მიმართულების პლატების მომზადება, ანუ მისი დახვრეტა ზუსტად იმ წერტილებში, სადაც შემდგომ ჩაისმება წინაღობები, რეზისტორები თუ სხვა ელემენტები.

11რას ცვლის “ფაბლაბის” ლაბორატორია სტუდენტებისთვის? – არატექნიკურ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს არ დასჭირდება ყოველ წუთას ობიექტზე გასვლა, შეუძლია პროექტი თავიდან ბოლომდე ლაბორატორიაში გაიაროს – დააპროექტოს, გადაიტანოს სპეციალურ ფორმატში, ამობეჭდოს… პრაქტიკაზე წასვლის გარეშე გამოიმუშავოს მოდელირების და სხვა პრაქტიკული უნარები.

“ვცდილობთ, პირველ ეტაპზე კლასიკური კონსტრუქციები ავაგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესორების მიერ მომზადებული სამეცნიერო მიმართულების კონსტრუქციების, ხიდების, მექანიზმების განვითარება-ამობეჭდვა ფაბლაბის ლაბორატორიაში”, – განმარტავს გიზო ფარცხალაძე და დასძენს – “ჩვენმა ფაკულტეტმა ავიღეთ გეზი ძირითადი სასწავლო კურსები დაგვეკავშირებინა თანამედროვე სასწავლო კურსებთან. თუ არსებობს სასწავლო კურსი – საინჟინრო გრაფიკა, ხაზვა და მხაზველობითი გეომეტრია, ის დაკავშირებულია კომპიუტერულ გრაფიკასთან. თუ არსებობს ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კურსები, ის დაკავშირებულია დაპროექტების კომპიუტერულ სისტემასთან. ეს არის გადაბმული პროცესი და შედეგად ვიღებთ იმას, რომ კომპიუტერული მოდელირების საშუალებით გადმოგვაქვს პროექტები “ფაბლაბის” ლაბორატორიის პროგრამებში, სადაც ხდება მისი გენერაცია, დაბეჭდვა”.

8თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკის ლაბორატორია, რომელიც უახლესი დაზგა-დანადგარებით – 3D პრინტერებითა და სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა დანადგარებით, კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი, ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე უნივერსიტეტში – ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებშია განთავსებული. ყველა მათგანი ჩართულია “ფაბლაბის” ლაბორატორიის საერთო ქსელში. ახალი ტექნოლოგიები – კრეატიული ლაბორატორია ძირითადად გამოიყენება პროტოტიპირების, მოდელირების დამზადებ-შექმნისთვის.

13სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გადასცა, მცირე გრანტის ფარგლებში.

ფაკულტეტის დეკანის გიზო ფარცხალაძის თქმით, ფაკულტეტის ღია სივრცეში განთავსებული “ფაბლაბის” ლაბორატორია თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა სტუდენტისთვის. ამ ეტაპზე ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტის ლაბორატორიას 3 ადამიანი ზედამხედველობს – ორი ყოფილი კურსდამთავრებულია, ერთი კი ჯერ კიდევ სტუდენტია.3

გადაბეჭდვის წესი


ასევე: