კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ჭაბურღილი არის, წყალი – არა

20.03.2016 • 2831
ჭაბურღილი არის, წყალი – არა

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შვიდ სოფელში ჰიდროლოგიური ჭების მოსაწყობად 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. თუმცა, ამან შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ზამლეთის, ოლადაურისა და ჭვანის თემის შვიდ სოფელში წყლის ჰიდროლოგიური ჭაბურღილები მოაწყო. მუნიციპალიტეტმა ამ საქმისთვის 169 827 ლარი 2013-2015 წლებში დახარჯა.

ჰიდროლოგიური ჭები სოფლებში: ფურტიოში, ჭალაში, გორში, ბუთურაულში, ნიგაზეულში, ნენიასა და წყაროთაში მოეწყო. შუახევის გამგეობის გათვლით, ჰიდროლოგიურ ჭებს სასმელი წყლის პრობლემის მქონე სოფლებში, გარკვეული უბნებისთვის პრობლემა უნდა გადაეჭრა. თუმცა სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან ზოგან ჭაბურღილში წყალი არ ამოვიდა, ზოგ ადგილას კი, ჭაში წყალი საერთოდ დაიკარგა ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ჭაბურღილებზე მრიცხველი ვერ დაამონტაჟეს.

წყლის საძიებო ჭები პირველად 2013 წელს ჭალის, გორის, ბუთურაულისა და ფურტიოს სოფლებში, შუახევის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ტერმინალმა“ 96 877 ლარით მოაწყო. სოფელ  ნიგაზეულის ჭაბურღილში წყალი არ წამოვიდა, სოფელ ჭალაში მოწყობილ ჭაბურღილში წყალი კი წამოვიდა, თუმცა ამ ჭაბურღილის წყლიდან სოფელში დღემდე არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია. უფუნქციოდაა დარჩენილი სოფელ გორში მოწყობილი ჭაბურღილიც, რადგან აქ ელექტროენერგიის მრიცხველები არ დაუყენებიათ.

შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე სოფელ ჭალას ჭაბურღილის უფუნქციობას გაწმენდითი სამუშაოებით ხსნის და ამბობს, რომ ჭაბურღილიდან რეზერვუარამდე წყალი მოყვანილია და ამ ეტაპზე ავზი იწმინდება.

სამსახურის უფროსის თქმით, გამგეობის მიერ შერჩეულ თითოეულ სოფელში მთლიანობაში 100-მეტრიანი ჭაბურღილი უნდა მოწყობილიყო, ანუ ერთ სოფელში 100 მეტრის გაბურღვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, რისთვისაც გამგეობამ 25 000 ლარი გათვალა.

„ჭაბურღილები სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნით მოვაწყეთ, ეს იყო სასმელი წყლის საძიებო სამუშაოები. სოფელ წყაროთაში ორ ადგილზე მოეწყო ჭაბურღილი, ერთ ადგილზე ამოვიდა წყალი, მეორეზე – არა, ნიგაზეულში საერთოდ არ ამოვიდა.

თითოეულ სოფელში კომპანიას 100 მეტრი უნდა გაებურღა და წყალი ეპოვა. იმ შემთხვევაში, თუ წყალი მანამდე ამოვიდოდა, ვიდრე 100 მეტრი გაიბურღებოდა, წყალი სხვა ადგილზეც უნდა მოეძებნა იქამდე, ვიდრე, მთლიანობაში, 100 მეტრის გაბურღვით სამუშაოებს არ ჩაატარებდა. სოფელ ჭალაში 32-ე მეტრზე ამოვიდა წყალი, მეორე ადგილზე დაიწყო კომპანიამ საძიებო სამუშაო და 34 მეტრზე გამოჩნდა წყალი, მესამეზე კი – 38 მეტრზე. ამ სოფელში სამი ჭაბურღილი მოეწყო, თუმცა დროთა განმავლობაში სამიდან ორ ჭაში წყალი გაქრა,“ – ამბობს ედნარ შარაშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ჭაბურღილების მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან 169 827 ლარი გამოყო, გამგეობას გათვლილი არ ჰქონდა ამ თანხით რამდენი ოჯახის პრობლემას აგვარებდა. ედნარ შარაშიძის თქმით, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ წყლის რა ოდენობას მოიპოვებდნენ.

სამსახურის უფროსის თქმით, სოფელ გორში 20 ოჯახს მოუგვარდა წყლის პრობლემა ჭაბურღილების მოწყობით, სხვაგან კი – 15, ზოგიერთ უბანში – 7 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. თუმცა ზუსტი მონაცემები, რამდენი ოჯახი სარგებლობს ჰიდროლოგიური ჭების წყლით, გამგეობას არც დღეს აქვს.

სოფელ გორში მცხოვრები დათო ფუტკარაძე ამბობს, რომ უფუნქციოა მის სოფელში მოწყობილი ჭაბურღილები, რადგან ისინი ჯერაც არ არის მიერთებული მრიცხველებზე.

„ჭაბურღილები ერთი წლის წინ კი გაკეთდა, მაგრამ დღემდე არ გამრიცხველიანებულა. ამ სოფელს წყალი რომ ჰქონოდა, ერთ-ერთმა ოჯახმა საკუთარ მრიცხველზე მიაერთა ჭაბურღილი და თანხაც თვითონ გადაიხადა, მაგრამ ჭაბურღილმა მხოლოდ 15 დღე იმუშავა, – ძრავა გადაიწვა. ველოდებით, როდის შეაკეთებენ და გაამრიცხველიანებენ,“ – ამბობს დათო ფუტკარაძე.

შუახევის გამგეობის ობიექტების მიმღები კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დიასამიძე აცხადებს, რომ, როდესაც მიმღებმა კომისიამ წყლის ჭაბურღილები ჩაიბარა, ყველა გამართულად მუშაობდა – წყალი ყველა ჭაბურღილზე ადიოდა, პრობლემა მხოლოდ წყაროთის ჭაბურღილზე არსებობდა, რაც მისი თქმით, სამუსაოს შემსრულებელმა კომპანიამ დროულად მოაგვარა.

შუახევის გამგეობა ჭაბურღილების მოწყობას წელს აღარ გეგმავს. ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ ჭაბურღილების მოწყობა ნაკლებეფექტურია, რადგან შეიძლება წყალი დაიკარგოს:

„ჭაბურღილების მოწყობასთან დაკავშირებით გამოცდილება მივიღეთ, შეიძლება შრომა მთლიანად წყალში ჩაიყაროს. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიწის ქვეშა აფეთქებებმა გარკვეული ზეგავლენა მოხდინა წყლებზე და სოფლებში მისი დაკარგვა გამოიწვია. მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალეთ სხვაგანაც მოგვეწყო ჭები, თუმცა მოსახლეობა ამას მოითხოვდა“.

კითხვაზე, რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა თანხა ჭაბურღილებზე? – ედნარ შარაშიძე პასუხობს: „წყლის უქონლობის გამო საძიებო სამუშაოები დავიწყეთ,  ფურტიოში, გორში, ბუთურაულსა და ნენიაში მოწყობილი ჭაბურღილები მუშაობს. ამდენად, არ მიგვაჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: