კვირის ამბები,მთიანი აჭარა,სიახლეები

ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა

18.03.2016 • 2212
ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების აღსადგენად წელს მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის  ფარგლებში სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული სტატუსის მქონე პირები მიიღებენ. პროგრამის განსახორციელებლად 3 500 000 ლარია გამოყოფილი.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წელს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდება. პროგრამა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და გაველურებული ჩაის აღსადგენად მცენარის უცხო სხეულებისგან გაწმენდა-გასუფთავებას, გასხვლას, სასუქების შეტანასა და საჭიროების შემთხვევაში სადრენაჟო არხების მოწყობას გულისხმობს. სააგენტო 3.5 მილიონ ლარს მხოლოდ პლანტაციების რეაბილიტაციას მოახმარს. რაც შეეხება რეალიზაციას, პროგრამა ჩაის რეალიზებისთვის ბაზრის მოძიებას არ ითვალისწინებს.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით თანადაფინანსებას მხოლოდ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული პირი მიიღებს, ვისაც საკუთრებაში მინიმუმ 5 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივს ან რომელიმე იურიდიულ პირს საკუთრებაში ამ ოდენობის პლანტაცია არ აქვს, შეუძლია სახელმწიფოსგან ჩაის პლანტაცია 25-წლიანი იჯარით მიიღოს. ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის იჯარით სარგებლობის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 50 ლარია. სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 50 ჰექტარამდე, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარს 300 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას დაუფინანსებს.

პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინასწარ შერჩეული კომპანიები განახორციელებენ. მენეჯერი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ პროგრამით მხოლოდ იმ პლანტაციების რეაბილიტაცია დაფინანსდება, რომლებიც ლაბორატორიულად იქნება შესწავლილი.

„რადგან სპეციფიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, ისეთ კომპანიას შევარჩევთ, რომელსაც მსგავსი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება, ყველა საჭირო ტექნიკა და მექანიკური დანადგარი ექნება, რაც ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას სჭირდება, რადგან ჩაის პლანტაციები მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად ისეთ ადგილზეა განლაგებული, სადაც ტექნიკას უჭირს გადაადგილება. მოთხოვნებიც აქედან გამომდინარე გავთვალეთ, თუმცა შეზღუდვა არ გვაქვს, რამდენი კომპანიაც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, იმდენი ჩაერთვება. ამ დროისთვის 3 კომპანია არის შერჩეული, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა“, – ამბობს ლევან უროტაძე.

სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 9 000 ჰექტარზეა გაშენებული ჩაის პლანტაცია, საიდანაც თითქმის 6-7 ათასი ექვემდებარება რეაბილიტაციას. სააგენტოში არ იციან, რამდენი ჰექტარი პლანტაცია არის ცალკეულ რეგიონში, მათ შორის აჭარაში. არც ის არის ცნობილი, არსებული ჩაის პლანტაციებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში და რამდენი კერძო მფლობელობაში.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„რამდენი მსურველიც იქნება და რამდენიც დააკმაყოფილებს მოთხოვნას, იმდენი მიიღებს დაფინანსებას. პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებთ. პროექტი არ ითვალისწინებს რეალიზაციის ხელშეწყობას, თუმცა ევროპის ბაზარზე ჩაიზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მაღალი ხარისხის ჩაის რეალიზაციის პრობლემა არ უნდა შეიქმნას“, – ამბობს პროგრამის მენეჯერი.

სააგენტოს გათვლით, არსებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციისთვის ერთ ჰექტარზე 2500 ლარია საჭირო. აქედან სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 80%-ს, რაც შეეხება იჯარით აღებულ პლანტაციას – ერთ ჰექტარზე 80%-ს დაუფინანსებს. იურიდიული პირის შემთხვევაში სააგენტოს მიერ რეაბილიტაციის თანადაფინანსება იქნება 60%, იჯარის შემთხვევაში – 70%.

ორი მარტის მონაცემებით, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით ჩაის პლანტაციის აღსადგენად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში 15 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან სამი აჭარიდან არის შესული.

„500 ჰექტარამდე ჩაის რეაბილიტაციისთვის ითხოვენ დაფინანსებას. 3 განაცხადი აჭარიდანაა შემოსული 80 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციისათვის. ხელშეკრულება ჯერ არც ერთ ბენეფიციართან არ გაფორმებულა, რადგან მიწის დიაგნოზირებაა ჩასატარებელი, – უნდა გავარკვიოთ, ექვემდებარება თუ არა პლანტაცია რეაბილიტაციას. პროგრამის მიხედვით, ვადებში შეზღუდვები არ გვაქვს, მიწის ანალიზის ჩატარება-დიაგნოზირება ნებისმიერ დროს შეიძლება,  თუმცა რეაბილიტაცია, რაც მძიმე და ნახევრად მძიმე გასხვლას გულისხმობს,  მიზანშეწონილია ვეგეტაციის პერიოდამდე ჩატარდეს. რაც უფრო მალე წარმოადგენენ ბენეფიციარები საჭირო დოკუმენტებს, მით უფრო მალე შევძლებთ თანადაფინანსებას. პროგრამა მომავალშიც განხორციელდება – მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმება. პროგრამა იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ დაინტერესება იქნება“, – ამბობს ლევან უროტაძე.

თანადაფინანსების თანხას სახელმწიფო პირდაპირ იმ კომპანიას ჩაურიცხავს, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განახორციელოს და არა პროგრამით შერჩეულ ბენეფიციარს. კომპანიამ კი პროექტში ჩართვისთვის განსაზღვრული თანხის შესაბამისი საბანკო ცნობა უნდა წარუდგინოს სააგენტოს.

პროგრამაში ჩართული კოოპერატივი პროგრამის დაწყებიდან მესამე წელს ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს მიიღებს უფასოდ.

ვინც გაველურებული ჩაის პლანტაციის აღდგენას გეგმავს, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 247 01 01.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: