მთავარი,სიახლეები

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

18.03.2016 • 2396
აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.   

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე  წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს.  სამუშაოები სამ დღეს გაგრძელდება, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს.  რეგიონს გაზი სრულად 3 აპრილს  მიეწოდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა. „თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ  ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული  შემადგენლობით გადავლენ 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24-საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად  კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება,” – ნათქვამია რეგიონის მთავრობისა და „სოკარის“ ერთობლივ განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში:   მისამართზე:  ბათუმი ბაქოს ქ # 46

გადაბეჭდვის წესი


ასევე: