მთავარი,სიახლეები

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

16.03.2016 • 1369
რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში.

ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, რაც არ მომხდარა და მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გადავადება მოითხოვა.

„ხელისუფლება ასწრებს ამ ორგანიზაციის წევრობამდე ისეთ მშენებლობებზე გასცეს ნებართვები, რაც შემდეგ უკანონო იქნება და ვეღარ გააკეთებს,“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგებელი.

დისკუსია ამ თემაზე ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

„ახლა საუკეთესო გარემოა ელიტური კორუფციისთვის. მაგალითად, დარიალიჰესის მშენებლობა დაცულ ტერიტორიაზე დაიწყო ნებართვის გარეშე, შუახევის შემთხვევაში, ასევე არ არსებობდა ნებართვა და არსებობდა გეოლოგის კონკრეტული დასკვნა, რომ იმ კონკრეტულ ზონაში ჰესის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია. დარიალის შემთხვევას დღემდე პროკურატურა იძიებს, დაგვკითხეს ბევრჯერ, მაგრამ შედეგი არ ჩანს,“ – განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

როგორც მომხსენებლებმა განმარტეს, თუ საქართველო ამ გაერთიანების წევრობას თავს აარიდებს, მას მაინც მოუწევს ვალდებულებების შესრულება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია.

გადაიხედება თუ არა ამ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ ის ხელშეკრულებები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მანამდე დაიდება? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ენერგეტიკის საკითხის მკვლევარმა გიორგი მუხიგულაშვილმა გვითხრა: „გადაიხედება მხოლოდ მემორანდუმები, რაც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან არ იქნება თანხვედრაში“.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი აქცენტს ასევე აკეთებს ენერგეტიკის სფეროში დაურეგულირებელ სატარიფო პოლიტიკაზე. მან დისკუსიის მონაწილეებს ის ხელშეკრულება აჩვენა, რომელიც „ხუდონჰესსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორისაა გაფორმებული: „ხელშეკრულება თავიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულ ექსპორტს ითვალისწინებდა, თუმცა მასში 2015 წლის 9 სექტემბერს შევიდა ცვლილება და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ ჰესისგან ენერგიას თავად შეიძენს 10,5 ცენტად, ეს ძალიან მაღალი ფასია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: