მთავარი,სიახლეები

2 მილიონამდე ლარი ფონდს, პლაჟები – სამინისტროს – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

16.03.2016 • 2110
2 მილიონამდე ლარი ფონდს, პლაჟები – სამინისტროს – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს სხდომაზე თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის პლაჟების საზაფხულო სეზონისთვის მომზადებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზებას,“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების  გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე არასწორია.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე.

საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმოარე  გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება წარმოადგენდა თხოვნას / რეკომენდაციას, რომელიც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა პირდაპირ ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი წარადგინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: