მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

15.03.2016 • 1725
ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

 

დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს.

შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სტუდენტურ თვითმმართველობასა და თავად მერაბ ხალვაშთან.

მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ორშაბათს, 21 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს კითხვები, შენიშვნები ან შეთავაზებები უნივერსიტეტის საქმიანობასთან თუ მის აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მერაბ ხალვაშმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას, ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, არ სმენია პრეტენზია/საჩივარი უნივერსიტეტის აკედემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისგან რაიმე ტიპის ზეწოლაზე ან ზეწოლის მცდელობაზე გარე ძალების (მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების) მხრიდან.

„მოვუწოდებთ ყველას, ლექტორებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველას, ვისაც გქონიათ შეხება, ვისთვისაც მოუთხოვიათ ძალოვან სტრუქტურებს ინფორმაციის გადაცემა, ვისაც გინახავთ იარაღით შემოსული ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ეზოში, ვისაც გაწუხებთ უნივერსიტეტის პრობლემები, ის რომ უამრავი საჭიროების ფონზე ფულები იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ის რომ სტუდენტებს შორის არიან პრივილიგირებულები, – მოდით შეხვედრაზე, საჯაროდ ხმამაღლა თქვით ამაზე, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი დავიცვათ უკეთესი, უფრო უსაფრთხო და თავისუფალი უნივერსიტეტისთვის”, – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი თამარ ბაუჟაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: