კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

15.03.2016 • 1942
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით არჩევა შესაძლებლად მიიჩნია.

დავით კვაჭაძე, რომლის კანდიდატურაც პირველ კონკურსზე უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ჩააგდო, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისევ დარეგისტრირდა. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დარეგისტრირდა დავით ქარცივაძეც, ის ერთ-ერთი იყო პირველ კონკურსზე სამ კონკურსანტს შორის, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. და საარჩევნო გამოცდილებაც აქვს.

2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.
ამჯერად კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს კომისიის მიერ პირველ კონკურსზე კიდევ ერთი შერჩეული – მთავრობის აპარატის წევრი პარმენ ჯალაღონია.
უსკოს თავმჯდომარეობის მსურველთა შორის ამჯერად ხულოს ყოფილი გამგებელი (2010-2011წწ) რამაზ ბოლქვაძეცაა. გამგებლობამდე ის ხულოს საარჩევნო ოლქს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ხულოში არჩევნები არ ყალბდებოდა და ამის დასადასტურებლად მაგალითიც მოჰყავს: „გაუქმდა გადასატანი ყუთის შედეგები, რის შედეგადაც გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა. თუმცა, ყალბდებოდა თუ არა არჩევნები, ეს ყოველთვის სამსჯელო თემა იყო და ისევ სამსჯელო თემა იქნება.“
ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ის პარტიული არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა და არც ახლაა, თუ აირჩევენ, ობიექტური და მიუკერძოებელი თავმჯდომარე იქნება.
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოფიო დიასამიძე, რომელსაც საარჩევნო ოლქში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, „რესპუბლიკელია“. ბათუმის საარჩევნო ოლქში დროებით წევრადაც „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. კითხვაზე, პარტიულობა ხომ არ შეგიშლით ხელს? – სოფიოს პასუხი არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ თუ უსკოს თავმჯდომარე გახდება, ხმებს „რესპუბლიკელების“ სასარგებლოდ არ დათვლის.

კანდიდატი ზებურ იაკობაძე პროფესიით იურისტია. მისი თქმით, ის 2003-2004 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. საკუთარი საარჩევნო გამოცდილების შესახებ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – ჯუმბერ კახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო- „პირველად რომ კენჭს იყრიდა, მაშინ“. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციაში დახურული საარჩევნო უბნის კომისიას ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, პარტიული ხომ არ ხართ ან ხომ არ ყოფილხართ? _ პასუხობს: „ერთხელ კენჭი ვიყარე რესპუბლიკური პარტიის ეგიდით, წევრი არ ვიყავი.“
სოფიო კახაძე თეატრმცოდნეა, ამ დროისთვის ის ბათუმის კულტურის ცენტრში მუშაობს. 2008 წლის არჩევნებზე „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქობულეთის საარჩევნო ოლქში წევრად წარადგინა. „2012 წელს კოალიციის წარდგენით გადამამზადა NDI-მ ტრენერად და შემდეგ უკვე ტრენინგებს ვატარებდი. ამჟამად პარტიის წევრი არ ვარ.
2013 წლამდე უმაღლეს საბჭოში საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვლადიმერ მამულაძე. ის პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე დავით კვაჭაძე გახდება, „რადგან ოცნებას ის უნდა“. მას მიაჩნია, რომ დიდი გამოცდილება აქვს: „მაგენი რას ეძახიან საარჩევნო გამოცდილებას, მე ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი, ხუთი წელი აღმასკომის თავმჯდომარე ვიყავი, ერთი წელი _ პირველი მდივანი. 12 წელი მინისტრის პირველი მოადგილე, ეს იყო სოციალური დასაქმებისა და ჯანმრთელობის სამინისტრო. ორჯერ ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი. 2006 წელს კენჭს ვიყრიდი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად…“

„ათუმელებმა“ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან – მიხეილ კიკაბიძესთან, დავით ფარტენაძესთან და ნარგიზ ძირკვაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
უსკოს წევრობის კანდიდატია უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილი – მამუკა ჯაშიც. სწორედ ირაკლი ჯაშს ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოდან კანდიდატს მხარს 7 დეპუტატი დაუჭერს (მოქმედი კანონით 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო). მამუკა ჯაში ამ დროისთვის კერძო კომპანიაში მუშაობს. მიიჩნევს, რომ მამის ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს: „მამას თავისი გზა აქვს, მე – ჩემი. მამაჩემი არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მე უსკოს წევრად ვმუშაობდი.“
უსკოს წევრის ერთ ვაკანსიაზე 19 განაცხადია შესული, მათ შორის რვას ან თავმჯდომარეობა სურს, ან წევრობა. უსკოს წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: თემურ ბერიძე, ირაკლი გვარამია, ნერიმან დიასამიძე, სოფიო დიასამიძე, ზაალ ზაალიშვილი, ზებურ იაკობაძე, სოფიო კახაძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, რუსუდან მიქელაძე, ემმა ნაკაშიძე, დავით ფარტენაძე, დავით ქარცივაძე, ნინო შაქარაძე, ნარგიზ ძირკვაძე, თამარ ხოზრევანიძე, კახაბერ ჯაიანი, მამუკა ჯაში და ქეთევან ჯიქია.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: