მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

09.03.2016 • 1370
ბათუმის სამშობიარო სახლი  ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას იჯარის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვს –  მოთხოვნა სამშობიაროს ექიმებმა დღეს კლინიკაში მისულ ჯემალ ფუტკარაძეს გააცნეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. საუბარია სამშობიარო სახლის შენობაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 2013 წლიდან სამედიცინო დაწესებულება აქ მომუშავე 188 ექიმის საკუთრება გახდა, მაგრამ სამშობიარო აჭარის მთავრობას ყოველთვიურად 20 ათასს ლარს უხდის შენობის იჯარისთვის. ხელშეკრულების ვადა 2018 წლის იანვარს იწურება.

შეხვედრაზე სამშობიარო სახლის ექიმებმა, რომლებიც ამავდროულად სამშობიაროს მესაკუთრეებიც არიან, ამ სფეროში გააქტიურებულ კონკურენციაზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი ისტორიული სამშობიაროს გადარჩენას ინვესტორების დაინტერესებაში ხედავენ.

„ამჟამად დამფუძნებლები მოგებაზე ვერ ვმუშაობთ. რასაც ვშოულობთ, განვითარებაში ვდებთ. ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ სამედიცინო საქმიანობის პროფილი“ – ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუკრი ბეჟანიძე. ექიმები ხელისუფლებას სთხოვენ, მინიმუმ 10 წლიანი იჯარის ხელშეკრულება დაიდოს, რაც ინვესტორის დაინტრესებას გამოიწვევს.

ჯემალ ფუტკარაძე სამშობიარო სახლის ინიციატივას ეთანხმება და უმაღლესში საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ, მთავრობისთვის მიმართვას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: