მთავარი,სიახლეები

2 მილიონზე მეტი ბათუმის ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება

09.03.2016 • 1378
2 მილიონზე მეტი ბათუმის ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება

ბათუმის საკრებულო 10 მარტის რიგგარეშე სხდომაზე ერთადერთ საკითხს – ქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებს. ცვლილება ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 060 900 ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხება. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „თხოვა“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში. ამავე ფონდში უნდა გადაირიცხოს ის თანხაც, რაც ზემოაღნიშნულ სუბიექტებს 2017 წლისთვის ჰქონდათ [ან ექნებათ] გათვლილი ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ბათუმის საკრებულოს უფლება აქვს გაითვალისწინოს მთავრობის თხოვნა და ზემოაღნიშნული თანხა გადაურიცხოს ფონდს, ან არ გაითვალისწინოს და ფეხბურთის მხარდაჭერა [კლუბების დაფინანსება და სხვა] თავად მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს. ჩვენი ინფორმაციით, საკრებულო მხარს დაუჭერს თანხის გადარიცხვას, რის შემდეგადაც ბათუმში ფეხბურთის სფეროს დაფინანსება ფონდის მიერ განხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: