მთავარი,სიახლეები

დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

08.03.2016 • 1848
დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ პირველჯერზე მხარი არ დაუჭირა. ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა მოხელემ – ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ის სპეცილისტმა დავით ფარტენაძემ დაადასტურდა.

დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად განაცხადების შეტანის ვადა ორ დღეში, 10 მარტს იწურება. სავარაუდოდ 12 მარტს კომისიამ უკვე შერჩეული კანდიდატები მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს უნდა წარუდგინოს. მთავრობა კონკურსს იმავე საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად ჩაატარებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბუნდოვანი უწოდა და უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არ დარეგისტრირებულან წინა კონკურსზე კომისიის მიერ შერჩეული უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარცივაძე. დარეგისტრირდებიან თუ არა ისინი ისევ კონკურსანტებად, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

კომისიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე ხელმძღვანელობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი, მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაბაიძეა.

კომისიის მდივნის როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარის პოსტზე ორი, ხოლო უსკოს წევრის ვაკანსიაზე 12 კონკურსანტია დარეგისტრირებული: „მათ შორის ერთს ან თავჯდომარეობა უნდა, ან წევრობა“.

როლანდ შარაშიძემ  უკვე დარეგისტრირებული კანდიდატების ვინაობა „ბათუმელებთან“ არ გაამხილა.

მთავრობა ხელახალ კონკურსს იმავე საკანონმდებლო ნორმით ჩაატარებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბუნდოვანი უწოდა. ამასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია განმარტა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, დავთ გაბაიძემ: „კომისია გაყვება იმ კანონს, რომელიც არის მოქმედი, მიუხედავად იმისა, ბუნდოვანია, ხარვეზიანი თუ ძნელად განჭვრეტადი. ხელისუფლება და ჩინოვნიკებიც ვალდებული ვართ, მივყვეთ იმ კანონს, რომელიც გვაქვს. პირველ შემთხვევაშიც მივყევით მას. უბრალოდ ეს არის განმარტების სხვადასხვაობა. ყველა ფიქრობს, რომ მისი განმარტება არის სწორი და რატომ უნდა დავუშვათ, რომ პეტრეს ( გულისხმობს უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“) განმარტებაა სწორი და ჩვენი არა. მითუმეტეს, როცა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც საიაა, ჩვენს პოზიციას ემხრობა, თუნდაც ხელახალ კონკურსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ პოზიციას, რომ კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო. ბუნდოვანი რომაა ნორმა, ამაზე ყველა ვთანხმდებით…

არ არსებობს საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც  პირს, ვინც კანონი უნდა გამოიტანოს, დაავალდებულებდა, რომ თუკი ნორმა ხარვეზიანია, გააჩერე მოქმედება და დაელოდე როდის შეიცვლება კანონიო. ამის მექანიზმი არ არსებობს, ბევრი ავტორიტეტული იურისტის განმარტება წავიკითხე და მათ ვერ დავეთახმები. ერთი იმასაც გვირჩევდა, რომ ახლა უნდა გაჩერდეს აღმასრულებელი ხელისუფლება ან კონკურსი უნდა გამოაცხადოსო. შერჩევის პროცედურაც არ უნდა ჩაგვეტარებინა თურმე და უნდა დავლოდებოდით როდის შეიცვლებოდა კანონი, ამის მექანიზმი ბუნებაში არ არსებობს.

მეორე ვარიანტი იყო, რომ უნდა მიმართოთო სასამართლოს და სასამართლომ უნდა განმარტოს კანონიო. სარეკომენდაციო სარჩელით სასამართლოზე მიმართვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ასეთი არსებობს ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, რომ თუ წაიკითხავ ნორმას და ვერ გაიგებ, მიმართავ სასამართლოს – გთხოვთ განმიმარტოთ კონკრეტული ნორმაო , მაგრამ საქართველოში მსგავსი სახის სარჩელის არსებობას კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლოს მიმართავს ის, ვისი უფლებაც დაიღვევა. ჯერ ასეთი პირი არ გვყავს. ყოველ შემთხვევაში, არ გამოუხატავს არავის, რომ მისი უფლება დაირღვა. ხოლო თუკი მიმართავს, შემდეგ მოვისმენთ სასამრთლოს განმარტებას.

ის, რომ ნორმა ბუნდოვანია, იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ჩვენ საქმიანობა გავაჩეროთ. უამრავი კანონია ბუნდოვანი, მაგრამ ამის გამო არც აღმასრულებელში [ხელისუფლებაში] და არც სასამართლოში არავინ გაჩერებულა. ვერც კანონში ცვლილებას დაველოდებით, მითუმეტეს, რომ ვიცით მოცემულობა – კანონში ცვლილებას უმრავლესობა სჭირდება.

ინიციატივა ჯერ კომისიებმა უნდა განიხილონ. ხოლო თუ უმაღლეს საბჭოში კანდიდატის წარდგენის შემდეგ იქნება ანალოგიური სიტუაცია, ჩვენ მოვიქცევით ანალოგიურად. რატომ ვერ დაველოდეთ მეორე კენჭისყრას პირველი კონკურსის შემთხვევაში? ამავე ნორმით დროში ვიყავით, შეზღუდული ეს პროცედურა 14 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: