სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა.

თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 30-იანი წლებიდან, მხოლოდ წარმომადგენლობით, ზედაპირულ საკითხად იქცა და შესაბამისად 8 მარტმაც დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა.

საბჭოთა კავშირში არ მომხდარა მამაკაცთა ემანსიპაცია. კი, ქალები გავიდნენ სახლიდან, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ საქმეზე, რომელიც დარჩა სახლში: ოჯახზე, ბავშვებზე, არ გაინაწილა პასუხისმგებლობა მამაკაცმა და ქალი ორმაგად და ხშირად სამმაგადაც დაიტვირთა. გენდერის მკვლევარები ხშირად ამ ორმაგად დატვირთულ ქალებს „სუპერქალების“ სახელითაც მოიხსენიებენ, რომელიც ყველაფერს ასწრებს. ამის კარგი ილუსტრაციაა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ასეთი სუპერქალების სხვადასხვანაირ სახეთა პალიტრაა წარმოდგენილი ფილმში მთავარი გმირის ჩათვლითაც.
საბჭოთა კონტექსტმა საკმაოდ კარგად მოირგო ნაციონალისტური ხედვებიც, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, იდეოლოგიისთვის მისაღები ქალი, და ასე გაჩნდა თბილისის თავზე ქართლის დედის ქანდაკება, ერთგვარი კვინტესენცია მასკულინიზირებული, ყოჩაღი, მეომარი და ამასთანავე კდემამოსილი, არასექსუალური ქალისა, რომელიც მამულს მეომრებს უზრდის და თავზე ლეჩაქი ხურავს. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ასეთივე ქვეყნის დედის ქანდაკებები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ (სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში).

მე ვფიქრობ, ტრადიციული 8 მარტიც სწორედ ასეთ, იდეოლოგიისთვის მისაღებ ქალებს ეძღვნებათ ხოლმე. ეს სტერეოტიპი თანამედროვე საქართველოშიც დარჩა, ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ მამაკაცი უნდა გავიდეს დილით და მოუტანოს ქალს ყვავილები და როგორც წესი, ამით ამოიწურება 8 მარტის მნიშვნელობა ჩვენთან. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მედიასაც. სჯობს მედიამ გამოიყენოს 8 მარტის იდეა და ამ დღეს უფრო მეტად პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის საკითხზე, ქალთა შრომითი უფლებების პრობლემებზე და ა.შ.

ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ფემინისტურმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სცადა 8 მარტი არასტერეოტიპულად აღენიშნა და საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ამ დღეს სხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა რამდენად წვდება ეს ფართო საზოგადოებას, არ ვიცი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com