მთავარი,სიახლეები

ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

03.03.2016 • 2634
ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შეთავაზება აჭარის ტელევიზიიდან, ირინა ყურუამ აღნიშნა, რომ ასეთი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

ირინა ყურუას თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ხალხის ნდობის შენარჩუნება და გაზრდა იქნება.

“ტელევიზია, როგორც აქამდე, ახლაც ორიენტირებულია ხალხის პრობლემებზე და გასაჭირზე, მათთვის პასუხებისა და პასუხისმგებელი პირების მოძებნაზე, ყველაფერზე, რაზეც ნორმალური საინფორმაციო სამსახური უნდა მუშაობდეს. რადიკალურ ცვლილებებს რა თქმა უნდა არ ვგეგმავ, ჩვენ ვმოძრაობთ იმ ფინანსურ შესაძლებლობებში, რაც აქვს დღეს მაუწყებლობას, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იქნება ახალი კადრების შემოდინება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ახალი ადამიანი დაგვემატება, ჩემი მოსვლაც ამის დასტურია. მე რაც აქ დამხვდა, არიან გამოსაცდელი ვადით აყვანილი ადამიანები, რომლებსაც ერთი თვე აქვთ იმისათვის, რომ გამოავლინონ თავიანთი უნარები და გადაწყვეტილებაც მიიღება ამის მიხედვით”, – აღნიშნა ირინა ყურუამ “ბათუმელებთან”.

საკადრო ცვლილებებს „ტელეარხ 25“-ში წინ უძღოდა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მერკვილაძის განცხადება, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ზოგიერთმა ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასა, მათ ტელევიზია დატოვეს.

ირინა ყურუა ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობისას აშუქებდა “ტელეარხ 25”-დან თავისი წინამორბედისა და რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის პროცესს და სვამდა შესაბამის კითხვებს, რაც მის ჟურნალისტურ ნამუშევრებში აისახებოდა.

“თქვენ იცით, რომ სასამართლო პროცესია. მე ღიად, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ვარ ერთ-ერთი, ვინც ელოდება ამ ადამიანების დაბრუნებას და ასევე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ ტელევიზიაში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამ პროცესს მოიგებენ, თუმცა დაბრუნდებიან თუ არა, შემდეგ მათი გადასაწყვეტი იქნება”, – თქვა ირინა ყურუამ.

„ტელეარხი 25“ აპრილიდან განახლებულ ფორმატში აპირებს მუშაობას. როგორც ტელევიზიის დირექტორმა, გია სურმანიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ტელეარხის ეთერი აღარ დაეთმობა მედიაკავშირ „ობიექტივს“ და „ტელეარხ 25“-ზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების მომზადება იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: