მთავარი,სიახლეები

ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

02.03.2016 • 2162
ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა.

„ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

„ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების და სერიალის მოამზადებას და ასევე, ტექნიკის შეძენას გეგმავს. მისი თქმით, პროექტებისთვის თანხის მოძიება ახალ სატელიტზე გადასვლის შედეგად შეძლეს, რომელიც იმ თანხის ნახევარი ჯდება, რასაც აქამდე იხდიდა ტელევიზია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში შესაძლოა ტელევიზიით პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაინტერესებას უკავშირდებოდეს. თუმცა კითხვას, ხომ არ უყიდია „ტელეარხი 25“ ლეონიდ ჩერნოვეცკის, გია სურმანიძე ასე პასუხობს:

„არა, შეძენით არა მგონია. შეძენაზე საუბარს აზრი არა აქვს, თუ სხვა რაღაცაზე იქნება საუბარი, პრინციპში მზად ვართ, რომ დაველაპარაკოთ… როგორც ასეთი, შეძენა გამორიცხულია.“

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს „სხვა რაღაც“, გია სურმანიძე ასე პასუხობს: „არ ვიცი, არჩევნები მოდის და თუ პოლიტიკური ინტერესი აქვს რეკლამასთან დაკავშირებით, თავისთავად გავაკეთებთ რეკლამას.“

გია სურმანიძე „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 49-პროცენტიანი წილის მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ტელეარხ 25“-ს წილის გაყიდვასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა: „ჩემი წილი არ იყიდება. რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია.“

დაინტერესებულია თუ არა „ტელეარხ 25“-ის ყიდვით ლეონიდ ჩერნოვეცკი? – “ბათუმელების” ამ კითხვას პოლიტიკოსმა წერილობით უპასუხა:

„გაცნობებთ, რომ არც მე და არც ჩემთან დაკავშირებული იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს არ გვაქვს განზრახული „ტელეარხ 25“-ის წილების ან საქართველოში არსებული რომელიმე სხვა ტელევიზიის შესყიდვა.

მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიები და ჟურნალისტები აბსოლუტურად თავისუფლები უნდა იყვნენ და პოლიტიკოსებთან ან პოლიტიკურ პარტიებთან არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. აგრეთვე მივიჩნევ, რომ აღნიშნული მედია საშუალება წარმოადგენს რეგიონში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელოვან წყაროს და ვიმედოვნებ, რომ ის ასევე მომავალშიც პოლიტიკური თამაშებისგან თავისუფალი იქნება.“

„ტელეარხ 25“-ის 51-პროცენტიან წილს ჯემალ ვერძაძე ფლობს. მან წილი ტელევიზიაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ლევან ქარდავასთან ერთად. მაშინ ამ გარიგების შესახებ „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო და კერძო ქონება „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლების ნათესავების ანგარიშზე ორი დღის მანძილზე.

ორი თვის წინ „ტელეარხი 25“ დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა. მაიას მერკვლაძის თქმით, მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ჟურნალისტების ნაწილმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: