სიახლეები

საკრებულოსა და მერის პოზიცია ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასების მომატების ინიციატივაზე

26.02.2016 • 1733
საკრებულოსა და მერის პოზიცია ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასების მომატების ინიციატივაზე

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ბოლო საკითხად საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის ინიციატივა განიხილეს. ინიციატივას საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

ინიციატივის ავტორი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა, რომელიც საბავშო ბაღების პერსონალისთვის ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვდა -“გაწეულ შრომასთან შეფარდებით, მუნიციპალიტეტში ყველაზე არაპროპორციული ანაზღაურება სწორედ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აქვთ. ჩვენთან ბაღებში არის 249 ძიძა და მათი ხელფასი 318 ლარია ხელზე,  434 – აღმზრდელის თვიური ხელფასი  კი  336 ლარს (ხელზე) შეადგენს“

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განმარტებით – ინიციატივა კარგია, მაგრამ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, იდეის მხარდაჭერისგან თავის შეკავება მოუწევს. „თავის დროზე ხელისუფლება ახდენდა ბაღების სუბსიდირებას ბიუჯეტის დონეზე და ნაწილობრივ ის ფინანსდებოდა მშობლების ხარჯზე. დღეს ჩვენ 33 საბავშო ბაღი გვაქვს, რომელთა სრულად დაფინანსების ვალდებულებაც  სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე. 2013 წლიდან 2015 წლამდე ბათუმში ექვსი საბავშო ბაღი აშენდა. რეკონსტრუქცია (ერთსართულიან შენობა-ნაგებობებს დავაშენეთ სულ ცოტა ორი სართული) ჩაუტარდა სამ საბავშო ბაღის შენობას. კაპიტალური რემონტი  ჩაუტარდა ოთხ საბავშო ბაღის შენობას. ბიუჯეტი მივიღეთ  და 2016 წელს ორი ახალი საბავშო ბაღი შენდება  (ურეხსა და მაზნიაშვილის ქუჩაზე). წერეთლის ქუჩაზე არსებულ ერთ საბავშო ბაღს კი კაპიტალური რეკონსტრუქცია უტარდება, ანუ კიდევ ერთი სართული დაემატება და შესაბამისად ბავშვების რაოდენობაც გაიზრდება ბაღში” – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის თქმით, 2014 წლის აპრილიდან აღმზრდელებს ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ, ძიძებს კი 50 ლარით და ახლა აღმზრდელების საშუალო ხელფასი 420 ლარი, ძიძების საშუალო ხელფასი კი 320 ლარია.

 

 

 

 

არჩილ ვანაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: