მთავარი,სიახლეები

მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

25.02.2016 • 1754
მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

თუ მთავრობა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის ერთიანი კონცეფციის შესყიდვაზე ბათუმის საკრებულოს თანხმობას მიიღებს, მომავალში შეიძლება ერთიანი განვითარების მოტივით ეს ქონება საკუთრებაშიც მოითხოვოს – ასეთი ეჭვი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გამოთქვა წერილში, რომელიც ბათუმის საკრებულოს ამ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ განკარგულების პროექტთან ერთად გადაუგზავნა.

მერი მართალი აღმოჩნდა. მთავრობას უკვე აქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განავითაროს მომავალში რეაკრეაციული ზონა „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრეც ჯერ კიდევ ბათუმის მუნიციპალიტეტია.

ამ გეგმებზე მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა: „იქ გვინდა ძველი ბათუმის განვითარება, იმ კონტურების და იმ გეგმის დაცვა, რაც ძველ ბათუმშია. აბაშიძისა და მელაშვილის ქუჩების გაგრძელება მოხდება. ის კვარტალური დაგეგმარება უნდა გაგრძელდეს. მაქსიმუმ 15 მეტრიანი შენობები, რაც გვაქვს ძველ ბათუმში. მოვიაზრებთ, ბუტიკები, სასტუმრობის, გალერეების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.“

გადაწყვეტილებას „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაზე სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

ბათუმის მერის ვარაუდი მომავალში ქონების საკუთრებაში მოთხოვნასთან დაკავშირებით ლოგიკურად ეჩვენება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ . ისინი შიშობენ, რომ საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კონცეფციის შესყიდვაზეც მისცემს მთავრობას თანხმობას და არც ქონების გადაცემაზე ეტყვის უარს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ბათუმს მომავალში კიდევ ერთი რეკრიაციული ზონა გამოაკლდეს. სწორედ ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებამდე სთხოვენ.

„დღეს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო გრანდიოზული გეგმა ჰქონდა ან აქვს ჩვენი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. არც ერთ მათგანს არასდროს გასჩენია სურვილი წინასწარ გაეცნო ეს გეგმები მოსახლეობისთვის, მოესმინა მათთვის და უშუალოდ, მოსახლეობიდან წამოსული რჩევებისა და რეკომენდაციების შეჯერებით მიეღო გადაწყვეტილება.

როგორც წინა წლებში, დღესაც „ეფექტური პრივატიზების” სახელით იყიდება რეკრეაციული ზონები. ამჯერად, საუბარია ზღვისპირა პარკის ნაწილის, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარებასა და შემდგომი პრივატიზების პროცესზე. „თავისუფალ დემოკრატებს” გაგვაჩნია ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები რეკრეაციული ზონების განკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ცოდნა და მოსახლეობის დამოკიდებულება მისაღებ გადაწყვეტილებებზე“, – ამბობს საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე, რომელიც საკითხზე სასაუბროდ  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰექტარია, მათ შორის  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება 0,93 ჰექტარია. ტერიტორია, რომელიც ფუნქციურად არ არის დატვირთული სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, იგი მოქცეულია ტურისტების სამარშრუტო კონტურში. ხშირად ტერიტორია გამოყენებულია ტურისტული ტრანსპორტის პარკირებისთვის არაორგანიზებულად.

სამინისტროს ინფორმაციით, გასავითარებელი ტერიტორია ესაზღვრება გოგებაშვილის ქუჩას, რომელიც ამ მონაკვეთში მოშენებულია ცალმხრივად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შეიძლება ტერიტორიის განვითარების კონცეფციის კონკურსის წესით შემუშავება. ამაზე თანხმობას სამინისტრო ქონების მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგან ითხოვს. თავის მხრივ მერიამ თანხმობა საკრებულოსგან უნდა მიიღოს. ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბათუმის მერს ამ საკითხის უკან გაწვევა სთხოვეს. წერილში, რომლითაც მათ მერს მიმართეს, ნათქვამია:

„იმ ფონზე, როდესაც ქალაქ ბათუმის საკუთრება ბათუმის ბულვარი უკვე გადაცემულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის და გვაქვს კონკრეტული მაგალითი იმისა თუ რა ვანდალური მეთოდებით ხდება ბათუმის ბულვარის დაგეგმარება და სარემონტო სამუშაოები, აღნიშნული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობის მხრიდან დაგეგმარების და განსაკუთრებით კონცეფციების შექმნის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია. ამიტომ თქვენს მიერ 2016 წლის 26 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით გთხოვთ გაიწვიოთ.“

ამავე წერილში ნათქვამია, რომ 2010 წელს 31 აგვისტოს ბათუმის საკრებულოს #75 განკარგულებით ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი, აჭარის მთავრობას გადაეცა კონკრეტული პირობითა და ვალდებულებით. მთავრობას ეს ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა განეკარგა. აჭარის მთავრობამ ვერც წინა ხელისუფლების დროს და ვერც ახლა ვერ შეძლო დადგენილი პირობით ამ მიწის განკარგვა. ამავე დროს აჭარის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ პირდაპირი წესით ქონებას აღარ გაასხვისებს. სწორედ ამ მოტივით „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს სთხოვენ 2010 წელს მთავრობისთვის გადაცემული ნაკვეთების დაბრუნების პროცედურა დაიწყოს.

ბათუმის ნავმისადგომის გაჩერებული პროექტი

ტერიტორია, რომლის განვითარებისთვის მთავრობას კონცეფციის შესყიდვა სურს, ბათუმის ნავმისადგომის ტერიტორიასაც მოიცავს. ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქციის პროექტზე აჭარის მთავრობაში 2012 წლის ბოლოს იმსჯელეს – პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაზე ამერიკულ„როიალ კარიბიანთან“ მემორანდუმიც გააფორმეს.

ამ კომპანიას აშენებული აქვს ცნობილი პორტი თურქეთში – კუშადასი.

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და „როიალ კარიბიანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა მოაწერეს. შეთანხმება თანამედროვე სტანდარტების პორტის აშენებას გულისხმობდა.

ბათუმის პორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო „როილ კარიბიანის“ პარტნიორმა კომპანიამ „ლენდ დიზაინმა“ – კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი ფინანსებით გეგმავდა. საუბარი იყო 35 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

“ჭაჭის თაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრის დროს აჭარის მთავრობა როიალ კარიბიანთან უკვე არსებულ ხელშეკრულებას საერთოდ არ ახსენებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: