მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება

20.02.2016 • 1565
„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“,  რაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. აქამდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ მთლიანი ბიუჯეტის 1.5 პროცენტს შეადგენდა. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩევლები ჰონორარის გაზრდას აპირებენ.

მრჩეველთა საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 900 ლარს შეადგენს, დირექტორის და მისი მოადგილის – 1000-1000 ლარს (ხელზე ასაღები თანხა). ცვლილება კანონში მრჩეველთა საბჭოს ამ თანხის გაორმაგების საშუალებას აძლევს.

„სამშაბათს გვექნება სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მომხრე ვარ, გაიზარდოს ჩვენი ჰონორარი, რადგან ამ ტელევიზიაში ყველაზე დაბალი ხელფასი მძღოლების შემდეგ მრჩევლებს გვაქვს. გავაორმაგებთ თუ არა, ჯერ ზუსტად არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბეჟან გობაძემ, „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა.

ჰონორარების გაზრდის მომხრეა მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი – გიორგი ირემაძე: „უნდა გაიზარდოს ჰონორარი. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუმცა ამაზე კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე ამბობს, რომ მრჩევლებს შეუძლიათ არ გაზარდონ ჰონორარი და გაზრდილი ბიუჯეტი სხვა მიმართულებით დახარჯონ: „დღემდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება წლიურად დაახლოებით 100 000 ლარია, აქედან 66 150 უშუალოდ მრჩევლების ჰონორარებისთვის იხარჯება. დანარჩენი თანხა ძირითადად აპარატის შენახვას ხმარდება. ეს ცვლილება ითვალისწინებს მრჩეველთა საბჭოსთვის განკუთვნილი 1.5 პროცენტის 3 პროცენტამდე გაზრდას, ანუ გაორმაგებას. ამ სამი პროცენტიდან 2 პროცენტი შესაძლებელია  ხელფასებს მოხმარდეს, თუმცა მრჩევლების გადასაწყვეტია, რას მიანიჭებენ უპირატესობას – ხელფასის გაზრდას, თუ საბჭოს სხვა აქტივობებს“.

მრჩეველთა საბჭოს წევრები დაფინანსების მატებას, ჰონორარების გაზრდის გარდა, კვლევების ჩატარების აუცილებლობით ხსნიან: „არაერთხელ გვინდოდა კვლევების და გამოკითხვების ჩატარება, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა. გაზრდილი ბიუჯეტით ასევე ვაპირებთ ჟურნალისტებს ტრენინგები ჩაუტარდეს და  დაწესდეს პრემიებიც – კარგი ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის“, – ამბობს ბეჟან გობაძე.

მრჩეველთა საბჭოს თაავმჯდომარე – ზაზა ხალვაში ამჟამად მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. საკანონმდებლო ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ მას შემდეგ ამოქმედდება, როცა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას ხელს მოაწერს. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოსთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივა პარლამენტის წევრს – ფრიდონ საყვარელიძეს (“რესპუბლიკური პარტია”) ეკუთვნის.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: