შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს.
შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები:
„სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე, ბათუმს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვია, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. ერთობლივი საზღვაო წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად“.
ნატო-ს ხომალდები ბათუმის პორტში 12 თებერვალს შემოვიდნენ.