სიახლეები

უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან

16.02.2016 • 1553
უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2016 წლის 18 თებერვალს საბჭოს რიგგარეშე სესიაა დანიშნული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის, დავით კვაჭაძის არჩევა [ხელახალი კენჭისყრა].

პირველ კენჭისყრაზე, 4 თებერვალს, დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. თუ უსკოს თავმჯდომარის არჩევა მეორე კენჭისყრაზეც ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს მესამედ უყრის.

იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო არც დავით კვაჭაძეს დაუჭერს მხარს და არც შემდეგ წარდგენილ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთს, მაშინ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: