მთავარი,სიახლეები

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

15.02.2016 • 1596
„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

შორენა მამულაძე

შორენა მამულაძე

შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. ამ პოსტზე ის ერთი წელია მუშაობს. რა რჩევები მისცა და რა გაითვალისწინა გიორგი ერმაკოვმა და მისმა გუნდმა შშმ პირთა უფლებების დასაცავად?

შორენა მამულაძე მერის მრჩევლად 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2015 წლის თებერვალში კი საჯარო მოსამსახურეთა კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც ის მრჩევლის პოსტს სამი თვით ჩამოშორდა. თუმცა, როგორც შორენა მამულაძე ამბობს, კონკურსის ხელმეორედ გავლის შემდეგ, ის მერის მრჩევლად გასული წლის აპრილიდან ისევ დაინიშნა. „ფაქტობრივად ერთი წელი გამოდის, რაც ამ თანამდებობაზე ვარ“, – ამბობს შორენა, რომელიც თავადაც შშმ პირია.

შორენა მამულაძის თქმით, მისი ფუნქცია მერიაში ძირითადად კონფერენციებზე მონაწილეობით შემოიფარგლება.

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან – მსმენელი. თბილისსა და ბათუმში ოთხჯერ მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში. შვედეთის საელჩოს ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე მომხსენებელი ვიყავი, სადაც ვისაუბრე თემაზე „სახელმწიფოს როლი შშმ პირთა ცხოვრებაში~. მიწვეული ვიყავი ასევე ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც“.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურია მერიის რეაგირება შშმ პირთა რეკომენდაციებზე და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც მერს მისცა, შორენა მამულაძე ამბობს: „ერთი წლის მანძილზე მერის სახელზე წერილობით მხოლოდ ორი რეკომენდაცია გავგზავნე, ძირითადად ზეპირად ვთანხმდებით გარკვეულ თემებზე.

მაგალითად, მერს ზეპირად შეუთანხმდნენ მერიის ადმინისტრაციული შენობების ადაპტირებაზე, თუმცა პრობლემა კვლავ არსებობს. ორბელიანის ქუჩაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობაზე გააკეთეს პანდუსი, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, არ არის ნორმები დაცული და მოუხერხებელია ეტლით მოსარგებლეებისთვის. ამაზე საუბარი მერთან არ მქონია, სამუშაოებს ვინც ასრულებდა, მათ ვესაუბრეთ, მაგრამ უკვე დაგვიანებულიაო, ასე გვითხრეს. წელს, ადაპტირებული ლიფტი გაკეთდება მერიის ადმინისტრაციის ცენტრალურ შენობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, როგორც ვიცი, ამაზე მერიამ ნებართვა მოიპოვა“.

შორენა მამულაძის თქმით, რეკომენდაციების მიუხედავად, პრობლემა ხშირად პრობლემად რჩება: „საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის დროს მქონდა რეკომენდაციები, რომ პანდუსებთან ერთად სველი წერტილების ადაპტირებაც მომხდარიყო, მაგრამ, როცა ეს ამბავი მოვიკითხე, მითხრეს არ ვიცოდითო. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა“.

მრჩევლის თქმით, დღეს სიტყვით უფრო აქტიურია მერია, ვიდრე საქმით. „მაინც იქამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი ახალია და ყველა საჯარო მოხელე უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ადაპტირებული გარემოს შექმნა – ეს მათი ერთ-ერთი ვალდებულებაა. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჩემი შეხსენების გარეშეც ნათელია, მაგალითად, თოვლის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა ქუჩები, ტროტუარები და შშმ პირებისთვის გადაადგილება გართულდა. მათაც იციან, რომ ამის მოწესრიგება ევალებათ“, – ამბობს ის.

შორენა მამულაძე წელს აპირებს იურისტების დახმარებით იმუშაოს კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო საათების შემცირებას იმ პირებისთვის, ვისი ოჯახის წევრებიც შშმ პირები არიან და ვისაც არ აქვს შესაძლებლობა მომვლელი აიყვანოს. „ამ საკითხზე ბევრმა მოქალაქემ მომმართა და ვფიქრობ მეც ამ საკითხზე“,- ამბობს შორენა მამულაძე.

საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია ყველა საჯარო სტრუქტურა ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. როგორც ბათუმის მერის მრჩეველი გვეუბნება, ჯერჯერობით, ეს დადგენილება ნაკლებად სრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: