მთავარი,სიახლეები

პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

12.02.2016 • 2943
პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” სრულად ჩამოაჭრა პენსია – 160 ლარი, გასული წლის ნოემბრის თვეში კი – 93 ლარი.

ლ. ა-ს ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. „ლიბერთი ბანკთან~ გაფორმებული განვადების ხელშეკრულების გრაფაში: „ინფორმაცია კლიენტის შემოსავლის შესახებ~ მხოლოდ ერთი უჯრაა შევსებული: „პენსიის ოდენობა ყოველთვიურად – 150 ლარი”. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 74,13 ლარი უნდა გადაეხადა.

წლის განმავლობაში ლ.ა-ს წინააღმდეგ ბანკმა არაერთხელ აამოქმედა სესხის დაფარვის დაგვიანების მიზეზით გათვალისწინებული ჯარიმები, მათ შორის მაშინ, როცა ანგარიშზე არსებული თანხა ბანკმა პენსიონერს არ ჩამოაჭრა. “ლიბერთი ბანკის” საბანკო ამონაწერის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2015 წლის 11 ივნისს, როცა ლ. ა.-ს ანგარიშზე 110 ლარი ჰქონდა, მაგრამ მას ეს თანხა არ ჩამოაჭრეს, შემდეგ კი დააჯარიმეს.

ლ.ა-ს მიმართ გატარებულ სანქციებს შორის გამოყენებულია პირგასამტეხლოს ფორმაც. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ყოველი თვის 12 რიცხვში უნდა დაეფარა სესხი, მაშინ, როცა სახელმწიფოსგან პენსიის გაცემის ბოლო თარიღად თვის 15 რიცხვია დადგენილი. ლ. ა-ს საბანკო ამონაწერიდან ჩანს, რომ მას პენსია 6-ჯერ ჩაერიცხა 12 რიცხვის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერს მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო პირგასამტეხლოს თანხის გადახდა სწორედ 6-ჯერ მოუწია.

„შეუძლებელია, „ლიბერთი ბანკს”, რომელიც პენსიებს გასცემს, არ ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსიები 15 რიცხვში გაიცემა. როცა მოქალაქეს აძლევ სესხს და იცი, რომ მხოლოდ პენსიაა მისი შემოსავალი, მიუღებელია 12 რიცხვში დააწესო სესხის დაფარვის თარიღი”, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.

საბანკო საკითხების სპეციალისტისთვის ასევე გაუგებარია, როგორ ჩამოაჭრა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში მოქალაქეს სრული პენსია: „ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვო. ამას აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს ეროვნული ბანკი. მათ აქვთ დებულება რისკების მართვაზე, მაგრამ დებულება იმდენად ზოგადი სახისაა, რომ ზედამხედველობა და რეგულირება პრაქტიკულად არ ხდება”.

ეროვნულმა ბანკმა „ბათუმელებს“ არ მოაწოდა ინფორმაცია, გამოვლინდა თუ არა დარღვევები „ლიბერთი ბანკში” გეგმიური მონიტორინგის დროს. „სახელშეკრულებო ურთიერთობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენს და მხარეები თავისუფალი არიან სახელშეკრულებო ურთიერთობის განსაზღვრისას. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კრედიტის გაცემაზე, მათ შორის, პენსიის უზრუნველყოფით, რაიმე სახის შეზღუდვა არ აქვს დაწესებული”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესსამსახურის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ წერილში.

ეკონომიკის ექსპერტი, მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა პრობლემად მიიჩნევს ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობას:

„სამწუხაროა, რომ არ არსებობს სპეციალური კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება წესი, თუ ვისზე შეიძლება გაიცეს სესხი და ვისზე – არა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ საკითხის მორალურ მხარეზე. კომერციულმა ბანკმა, ფაქტობრივად, პენსიონერი სიცოცხლისთვის აუცილებელი შემოსავლის გარეშე დატოვა, ოღონდაც საკუთარი შემოსავალი გაეზარდა.

სახელმწიფომ „ლიბერთი ბანკს” ანდო პენსიების დარიგება და მას ამისთვის უხდის დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარს ყოველწლიურად. საპენსიო თანხა არ არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის. ეს არ არის „ლიბერთი ბანკის” საკრედიტო რესურსი და ეს თანხები მან არ უნდა გამოიყენოს პირადი შემოსავლების გაზრდისთვის, ეს არის ამორალური.”

„ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ლადო გურგენიძეს ლ. ა-მ რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის სამჯერ წერილობით, მაგრამ მოქალაქემ ბანკისგან პასუხის მიღება ჟურნალისტების დაინტერესების გარეშე ვერ შეძლო. “ბათუმელების” მიერ წერილობითი კითხვების გაგზავნისთანავე „ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ბანკმა შეცდომა დაუშვა და გაათავისუფლებენ იმ თანამშრომელს, რომელიც ლ. ა-ს უწევდა მომსახურებას. „ლიბერთი ბანკმა” იმავე დღეს ლ. ა-ს ანგარიშზე დაუბრუნა 350 ლარი, თუმცა ბანკს არ განუმარტავს, რატომ გადაიხადა ზედმეტად 66,79 ლარი. როგორც აღვნიშნეთ, თავად ბანკის მიზეზით ლ. ა-ს ზედმეტად 283,21 ლარი ჰქონდა გადახდილი.

„ლიბერთი ბანკში” შეკითხვებს ლ. ა-ს საბანკო სესხთან დაკავშირებით არ უპასუხეს კონფიდენციალობის არგუმენტით. ბანკმა ასევე კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია “ბათუმელების” კითხვები რისკების მართვაზე. „ბანკების რისკების მართვის პოლიტიკა შედგება ბანკის შიდანორმატიული აქტებისგან და წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას”, – აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის” მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ ოფიციალურ წერილში.

ლ. ა-ს სამართლებრივად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმარება. ამ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას: „ბანკი საერთოდ არ რეაგირებდა ქალბატონის განცხადებაზე. ჩვენი შეფასებით ამ პროცესმა მოქალაქე დააზარალა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მატერიალურად იმიტომ, რომ ლ. ა. პენსიონერია და ის უმძიმეს სოციალურ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა მას მთლიანად ჩამოაჭრეს პენსია გასულ თვეში. არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ადამიანის მიტოვება. მორალური ზიანიც აშკარაა, რადგან ლ. ა. ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას, ის არაერთხელ იყო მოსული ჩვენთან იურიდიული დახმარების მისაღებად და რაც მთავარია, წერილობით მიმართვებზეც კი ის პასუხს ბანკის ხელმძღვანელობისგან ვერ იღებდა”.

ლ. ა. რომელსაც ბოლო პერიოდში თავი მაღაზიებში ნისიად აღებული საკვებით გაჰქონდა, ახალი წლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მაღაზიები უარს ეუბნებოდნენ პროდუქციის ნისიად გატანაზე. სწორედ ამის გამო ლ.ა. აპირებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ისევ „ლიბერთი ბანკს” მიმართოს, შემდეგ კი სასამართლოს, თუკი ბანკი მოქალაქის წერილს ისევ უპასუხოდ დატოვებს.

ქვეყნის მასშტაბით სესხს პენსიონერებზე მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტში საპენსიო ფონდისთვის 1 152 549 120 ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: