მთავარი,სიახლეები

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

11.02.2016 • 1550
ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, რომელიც სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა თქვეს, რომ ისინი ციხისძირის აქციაზე დასწრებას ვეღარ შეძლებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აქციის შეჩერებას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ შესაბამის დოკუმენტაციას არ წარმოუდგენს. „თუ ნებართვები წარმოგვიდგინეს, მაშინ პრეტენზია აღარ გვექნება კომპანია „ზიმოსთან“ და მას სამუშაოების წარმოებაში ხელს არ შევუშლით. ასეთ შემთხვევაში მოვიფიქრებთ, სად და რა ფორმით გაგრძელდება ჩვენი საპროტესტო აქცია“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც გუშინდელ აქციაზე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, როცა ის აქციაზე მისულ პოლიციის მაღალჩინოსნებს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმას, ადიკო ივანიშვილს უღებდა ფოტოებს.

სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებოდნენ. „ნებართავის წარმოდგენას ვერ ახერხებენ პოლიციელები, მოსამართლემ მათ მისცა კიდევ სამი დღე, რომ ეს დოკუმენტაცია წარმოადგინონ. ეს ადასტურებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროცესი არის უკანონო. აქედან გამომდინარე პროტესტი, რომელიც კანონიერია და სრულიად სამართლიანი, გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი ამ ახირებას ვერ აისრულებს“ – თქვა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ.

 

 

 

IMG_0001

 

IMG_0009

 

IMG_0003

გადაბეჭდვის წესი


ასევე: