სიახლეები

„დაკარგული სიყმაწვილე” – დარო სულაკაურის ფოტოპროექტი ბათუმში

11.02.2016 • 1569
„დაკარგული სიყმაწვილე” – დარო სულაკაურის ფოტოპროექტი ბათუმში

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დარო სულაკაურის ფოტოფროექტის – „დაკარგული სიყმაწვილე” – გახსნა გაიმართება.

მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, იმისათვის რომ გაეგო – რა განაპირობებს შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ გათხოვებას. ის აკვირვებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი გამოფენა, დარო სულაკაურის პროექტის ნაწილია. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფოტოგრაფს მუშაობა ამ მიმართულებით ჯერ არ დაუსრულებია და იგი გეგმავს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რაც ფოტოებთან ერთად გმირების ინტერვიუებსა და სხვა მონაცემებს გააერთიანებს.

გამოფენის გახსნის პარალელურად სივრცეში გაიმართება დისკუსია ადრეული ქორწინების შესახებ. მომხსენებელი იქნება განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია.

დისკუსიის შემდეგ მოეწყობა თანამედროვე თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგიუვენის ფილმის,”მუსტანგის”, ჩვენება. ფილმი ასახავს ტრადიციებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოთხი გოგონას ცხოვრებას.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 10 მარტამდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: