მთავარი,სიახლეები

დეპუტატები განათლების კომიტეტიდან

11.02.2016 • 2473
დეპუტატები განათლების კომიტეტიდან

„არ მცალია“, „დაკავებული ვარ“, „ტელეფონი გამორთულია“ – ვინ ქმნის განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, როგორ აფასებენ დეპუტატები განათლების კომიტეტიდან თავიანთ საქმიანობას და რას ფიქრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები იმ დეპუტატების მიერ განხორციელებულ „ძირეულ ცვლილებებზე“, რომლებისთვისაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ მსჯელობა მნიშვნელოვანია.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 15 დეპუტატია. აქედან ექვსი ხელოვნების სფეროდანაა, არის სამხედრო, იურისტი, ჰუმანიტარი, ეკონომისტი და ექიმიც. სამი წლის მანძილზე რა იყო ყველაზე არსებითი საკითხი, რაზეც კომიტეტმა იმსჯელა ან გადაწყვეტილება მიიღო და ჰქონდათ თუ არა ინიციატივები დეპუტატებს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით მიმართა განათლების კომიტეტის იმ წევრებს, რომლებმაც სატელეფონო ზარებს უპასუხეს.

„ძალიან დაკავებული ვარ ახლა, ავად ვარ“, – გვითხრა კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ.

ანსამბლ „ხმების“ დამფუძნებელმა და სოლისტმა თეიმურაზ ჭკუასელმა კი თქვა, რომ ამ კომიტეტში ყველაზე კონსტრუქციული ადამიანები მუშაობენ, „ამიტომ, საკითხის განხილვის დროს წინააღმდეგობები ნაკლებია“. „არის აზრი, რომ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებებია საჭირო, მაგრამ რა, ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. სკოლას ნაკლებად შეეხება, უფრო უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება“, – ამბობს ჭკუასელი. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, დეპუტატი გვეუბნება, რომ „ბევრი იყო“, თუმცა მხოლოდ ერთს, მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს.

მსახიობი გიორგი ქავთარაძე გვირჩევს, ამ თემაზე პასუხების მისაღებად კომიტეტის თავმჯდომარეს დავუკავშირდეთ. „მე რატომ“, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, სამი წლის მანძილზე მას საკომიტეტო მოსმენების დროს განსხვავებული აზრი არაფერზე ჰქონია: „რადგან ეს კომიტეტი ძალიან კარგად მუშაობს და წინააღმდეგობები არ მაქვს“.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

კიდევ ერთი მსახიობი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა იმსჯელა, სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონპროექტია: „ამაზე მეტი ასე უცებ რა გიპასუხოთ… ასევე, თეატრის შესახებ კანონპროექტი იყო, რომელზეც მე ვიმუშავე“. პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კულტურის სამინისტრომ დაიწუნა და მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა თეატრალურ წრეებშიც.

ოპოზიციის წარმომადგენელი კომიტეტში გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათი პარტიის მიერ ინიცირებული საკითხები კომიტეტს არ განუხილავს. „ამიტომ, აღარც ვარეგისტრირებდით. ჩვენ გვქონდა შენიშვნები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ცუდი იყო, როცა უმაღლესი სასწავლებლები სსიპ-ებად აქციეს, რადგან ეს მათ დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. არასწორი იყო იმ სპეციალობებზე დაფინანსების გამოყოფა, რომელზეც მოთხოვნა არ არის. დაფინანსების მიუხედავად ადგილები მაინც თავისუფალია ამ მიმართულებებზე“.  გიორგი ვაშაძე არასწორად აფასებს 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების შეზღუდვას და საგამომცემლო სფეროში კონკურენციის გაქრობას.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც პარლამენტში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. „მე ვერასდროს ვიქნები „იბიარდში“, რადგან ერთგული მეუღლე ვარ,“- განაცხადა მან. ამ განცხადების გამო დეპუტატს სოციალურ ქსელებში დასცინეს. დეპუტატი მხარს უჭერს ადამიანის დასჯას „რელიგიური გრძობების შეურაცხყოფისთვის“.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები

სატელეფონო ზარებს არ უპასუხა თამაზ ჯაფარიძემაც, ეს ის დეპუტატია, რომელსაც არ მოსწონს „ჯინსიანი ჟურნალისტები” პარლამენტში და მიიჩნევს, რომ ჰიმნის მოსმენისას დეპუტატებმა ქუდი უნდა მოიხადონ. „ბათუმელების“  ზარებს ასევე არ უპასუხა სერგო რატიანმა, ალექსანდრე ქანთარიამ. ელისო ჩაფიძის მობილურები კი გამორთული იყო.

ოქმების მიხედვით, კომიტეტის ბევრი წევრი სხდომებს არ ესწრება. სხდომებს თითქმის არ დასწრებია კობა ნაყოფია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მას ყველაზე მეტი, – 101 გაცდენა აქვს. „ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში პარლამენტში არ მისულა“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. მობილურს, ტექსტური შეტყობინების მიღების მიუხედავად, არც ნაყოფიამ უპასუხა.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის რეზო აფხაზავას შეფასებით, შეუძლებელია განათლების პროგრესულ პოლიტიკას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით გამოირჩევიან.

რეზო აფხაზავა

რეზო აფხაზავა

„განათლება არის პრიორიტეტული საკითხი ქვეყანაში. წარმომადგენლობით ორგანოში პრიორიტეტულობა უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ, როგორც მინიმუმ, ეს კომიტეტი ცალკე უნდა არსებობდეს. თანამედროვე განათლების ტენდენციის საკითხებში და პოლიტიკის ფორმირებაში რომ ერკვეოდნენ, ასეთი ადამიანების სიმცირეა პარლამენტში, ეს კომიტეტიც ისეთი სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ზედაპირული შეხება აქვთ განათლების სფეროსთან“.

რეზო აფხაზავას თქმით, განათლება ქვეყნისთვის რეალური გამოსავალი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთადერთი გზაა: „ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ღირებულებები და ამას უნდა მივყვეთ. პარლამენტში და ამ კომიტეტში კი ვხედავთ საპირისპირო შეხედულებებისა და ღირებულებების მატარებელ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას უქმნიან სამოქალაქო განათლების განვითარებას.“

რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა კარგად ჩანს განათლების საკითხების განხილვისას. „სერიოზული განხილვები იყო იმაზე, რომ გადაეხედათ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რაც ერთ-ერთი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებზე ორიენტირებული დოკუმენტია. ეს იმიტომ, რომ დეპუტატების ნაწილი სიახლეების მიმართ რეზისტენტულია და რეტროგრადული შეხედულებები აქვთ. ამიტომ, როცა დისკუსია იმართება, აქ მიდის არა პროფესიონალური დისკუსია, არამედ ღირებულებებისთვის ბრძოლა. ერთ მხარეს არის პროგრესული ღირებულებები, მეორე მხარეს კი – იდეოლოგია, რომელიც გვეუბნება, რომ სტალინის ფოტოები უნდა ჩამოვკიდოთ კაბინეტში“.

რეზო აფხაზავას აზრით, დღევანდელი პარლამენტი განათლების სფეროში ღირებულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს: „არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროგრესული ინიციატივებით გამოვლენ, არც მმართველი გუნდიდან და არც კომიტეტებიდან. აბსურდულ სიტუაციებს ქმნიან. განათლების კომიტეტში, განათლების საკითხებთან შეხებაში ყველაზე ახლოს ვანო კიღურაძეა, მაგრამ მისი შეხედულებებიც მთელ რიგ საკითხებში აბსოლუტურად განსხვავდება თანამედროვე, პროგრესული ხედვისგან“.

რეზო აფხაზავას აზრით, ცვლილება, რომელიც რეალურად უნდა განხორციელდეს სკოლებში, ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებაა. „სხვა შემთხვევაში, ყველა რესურსი და ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან ფუჭად იქნება გაღებული“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: