სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს

09.02.2016 • 1412
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 10 თებერვლიდან სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის 2016 წლის პროგრამების გაცნობას იწყებს.

სამინისტრო პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, 11:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართავს. პროგრამებს მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგენს.
შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ მედიკოსთა მეტი ინფორმირება.
პრეზენტაციის ფარგლებში ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრს გადაეცემა სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.

2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს.

წელს სამინისტრომ ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, შშმ ბავშვების; ასაკით პენსიონერებისა და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს).

სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ამოქმედდა ბავშვთა ადრეული განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115-მდე საცხოვრებელი სახლის შეძენა.

სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: