მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება

09.02.2016 • 1936
სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთებზე ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში გადააქვთ, სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთები, საიდანაც ხეებს იღებენ, გასხვისებული არ არის და არც მათი პრივატიზება იგეგმება.

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, რაიმე პროექტი ან განცხადება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით, არც მათთან შესულა.

ხეების ამოღების პროცესის მონტორინგის მიზნით, ციხისძირში ჩამოსულია “პარტიზანი მებაღეების” ჯგუფი. პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მათი ეჭვი ციხისძირში სასტუმროს მშენებლობაზე, ჯერჯერობით, არ დასტურდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში იმ ორი ნაკვეთის ფართობი, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთის ტერიტორიაზე გადააქვთ, ჯამში 30 335 კვ/მ-ია.

ორივე ნაკვეთი, საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფომ  ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში 2008 წელს გადასცა.

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მოგვიანებით მთავრობამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ოზურგეთის ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: