მთავარი,სიახლეები

აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

08.02.2016 • 2591
აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას“  – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით: „დასაქმების სააგენტოს 2015 წელს არ ჰქონდა  შემუშავებული გადამზადების პროგრამის შედეგების შეფასების მექანიზმი. პროგრამაში არ არის გაწერილი დასაქმების მოსალოდნელი მაჩვენებელი, რაც შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ასევე, უკვე გადამზადებული პირების დასაქმების დონის განსაზღვრის მიზნით სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს.

კერძოდ, მისი ბაზების მიხედვით გადამზადებული 247 მოქალაქიდან დასაქმების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 41% არ არის დასაქმებული, 17% დასაქმებულია, ხოლო 42%-თან დაკავშირება შეუძლებლია იმ მიზეზით, რომ ბენეფიციარების ტელეფონის ნომრები არ არის მითითებული ბაზაში. თუმცა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობა, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არქონის პირობებში, არაზუსტი და გადაჭარბებული იქნებოდა და უფრო მიმართულია შედეგების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, ვინაიდან შესაძლებელია პირები, რომლებთანაც სააგენტოს განმარტებით „დაკავშირება ვერ ხერხდება“  შესაძლებელია არ იყვნენ დასაქმებულები.

სააგენტომ 2014 წელს განახორციელა მიზნობრივი პროგრამა „შრომის ბაზრის კვლევა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციები სააგენტოს უნდა გამოეყენებინა დასაგეგმი, ანუ 2015 წლის გადამზადების პროგრამის დაგეგმვის დროს.

2015 წელს სააგენტომ განახორციელა „პროფესიული გადამზდების“ მიზნობრივი პროგრამა, რომლის დაფინანსება ჯამში განისაზღვრა 100 000 ლარით.

სულ პროგრამის ფარგლებში 250 ბენეფიციარიდან გადამზადდა 247 ბენეფიციარი (3 გაირიცხა) და დაიხარჯა 98 947 ლარი. აქედან სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი მიიღო ბენეფიციარების 80 %-მა.

იმ პროფესიების შერჩევისას, რომელშიც უნდა გადამზადებულიყვნენ ბენეფიციარები სააგენტოს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გამოყენებული 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების და 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამის სახით:

დიაგრამა

ამ დიაგრამიდან ჩანს, რომ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიებიდან მხოლოდ ორი ემთხვევა შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ დეფიციტურ და მოთხოვნად პროფესიებს. ესენია: მზარეული და მიმტანი (სარესტორნო საქმის მწარმოებელი).

აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიშში ჩამოთვლილი მოთხოვნადი პროფესიები არ არის სრულად მოცემული. კერძოდ, ჩამონათვალი მთავრდება „და ა.შ.“ ტექსტით, რაც უნდა გულისხმობდეს, რომ კიდევ არსებობს ჩამონათვალი მოთხოვნადი პროფესიებისა, თუმცა კვლევის შედეგებში არ არის აღნიშნული.

სააგენტოს განმარტებით, დანარჩენი პროფესიების, ანუ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების აბსოლუტური უმრავლესობის შერჩევა მოხდა მათთან შემოსული ვაკანსიების ანალიზის საფუძველზე.

2015 წელს განხორციელებული „პროფესიული გადამზადების“ პროგრამის მიზანი იყო შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიებში ბენეფიციარების გადამზადება. ამ ტიპის პროფესიების შერჩევა კი უნდა მომხდარიყო 2014 წელს განხორციელებული „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

აუდიტის რეკომენდაციაა სააგენტომ უზრუნველყოს პროფესიული გადამზადების პროგრამების შეფასების კრიტერიუმების გადახედვა და საბოლოო შედეგების განსაზღვრა, რომელიც იქნება ორიენტირებული სამუშაოს მაძიებლის დასაქმებაზე სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, ასევე პროგრამის განხორციელების პერიოდში ეფექტიანი მონიტორინგი“.

დასაქმების სააგენტოში 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადებების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაწყებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: