მთავარი,სიახლეები

სავალდებულო დასწრება ლექციაზე – სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი

07.02.2016 • 3056
სავალდებულო დასწრება ლექციაზე – სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი

რამდენიმე თვის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში. ზოგიერთი სტუდენტი ცვლილებებს არაეფექტურად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით კი, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, რაც, მისი აზრით, სტუდენტების სასწავლო პროცესით დაინტერესებაზე მიუთითებს.

„უნივერსიტეტში უფრო მრავალფეროვანი გახდა შეფასების მეთოდებიც, თუ ადრე სემინარზე ძირითადად ზეპირი გამოკითხვა გამოიყენებოდა, ახლა იგი რეფერატს, ქვიზს, წერით და ზეპირ სამუშაოებსაც მოიცავს. ვფიქრობ, ამ ფაქტორმაც იმუშავა და დააინტერესა სტუდენტები“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.

ზოგიერთი სტუდენტი კი მიიჩნევს, რომ შეფასების მეთოდების მრავალფეროვნება მხოლოდ ფორმალობაა, რეალურად კი ლექტორები სტუდენტების გამოსაკითხად კვლავ ძველ მეთოდებს იყენებენ. „შეუძლებელია სტუდენტი ყველა სემინარს დაესწროს, ასეც რომ იყოს, ყველას მიზანია ყველა სემინარზე მიიღოს შეფასება, მაგრამ სემინარზე გამოკითხვის მეთოდი უმეტესად მაინც ვერბალურია და ლექტორს თითოეული მათგანის გამოსაკითხად დრო ფიზიკურად არ ეყოფა“, – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი ჯაფარიძე.

სტუდენტური გაერთიანება – „ბსუ კულისებში“ უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის ანალიზისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ონლაინგამოკითხვას აწარმოებს. გამოკითხვის ერთ-ერთი ავტორის დავით ფარტენაძის თქმით, კითხვაზე, თუ რა მეთოდებს იყენებენ ყველაზე ხშირად ლექტორები სემინარის დროს, გამოკითხული 200 სტუდენტიდან დაახლოებით 75% ვერბალურ ანუ ზეპირ მეთოდს ასახელებს.

„სილაბუსებში ყველამ გაწერა გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდი, პრეზენტაციები, ქვიზები, სიტუაციური თამაშები, მაგრამ იშვიათად ხდება ამ ახალი მეთოდებით გამოკითხვა. მე, მაგალითად, სიმულაციური თამაში ამ სემესტრში არ მქონია და ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ეს“, – ამბობს ირაკლი ჯაფარიძე. მისივე თქმით, ზეპირი გამოკითხვების შემდეგ, ლექტორები შეფასების მეთოდებად ყველაზე ხშირად პრეზენტაციებსა და შედარებით უფრო იშვიათად – ქვიზებს იყენებენ.

მერაბ ხალვაშის შეფასებით, სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ ბსუ-ში სწავლა გართულდა: „ძალიან კარგია, რომ ასეა. ჩვენთან სწავლა შედარებით მარტივი იყო. როცა 15 თემიდან მხოლოდ 5 თემას მოამზადებ და ფრიადს მიიღებ, ეს ნიშნავს, რომ სწავლა მარტივია. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტმა სტუდენტმა მიაკითხა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს. პრობლემა კომპლექსურია. შეფასების უფრო მოქნილი სისტემა, ლექციების 50%-ზე დასწრება და ქვიზების [გამოკითხვის ფორმა] სისტემის შემოღება ერთ-ერთ მექანიზმად გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენ სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაზე უნდა ვიზრუნიოთ, რადგან რამდენიმე მიმართულებით ამის სერიოზული პრობლემა არსებობს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

სტუდენტების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ლექციებზე სტუდენტთა არ დასწრების მიზეზი უინტერესო ლექციებია. „თუ ჩვენ გვავალდებულებენ, რომ დავესწროთ ყველა საგანში სალექციო კურსის 50%-ზე მეტს, მაშინ შესაბამისი ხარისხის ლექციაც უნდა დაგვახვედრონ. თუ უნივერსიტეტში იქნება განათლების მაღალი დონე, აღარ იქნება დამატებითი ვალდებულებების შემოტანის აუცილებლობა“, – ამბობს მარკეტინგის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით ფარტენაძე. “მთავარი მოტივი ამ ცვლილებისა იყო ლექციებსა და სემინარებზე სკამებისა და ადგილების შევსება და არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“, – მიიჩნევს ის.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საკმარისი რაოდენობის ლექციას არ დაესწრება, მიუხედავად სემინარული აქტივობებისა, იგი გამოცდაზე არ დაიშვება, თუმცა ადმინისტაციამ გამონაკლისი დაუშვა. „იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან დასაქმებული, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში საშუალება ეძლევათ კონსულტაციის რეჟიმში მივიდნენ პროფესორ/მასწავლებლებთან და გაიარონ ის საათები, რომლებსაც სამსახურის გამო ვერ დაესწრნენ“, – განმარტავს მერაბ ხალვაში.

ფსიქოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავაც ამჩნევს, რომ ბოლო დროს სტუდენტები ლექციებს ესწრებიან, თუმცა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ ცვლილების ფორმულირებისას შეცდომა დაუშვა, როცა ლექციებზე დასწრების მოტივაციად ნეგატიური კონტექსტი გამოიყენა: „სტუდენტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაესწრონ ლექციების იმ რაოდენობას, რასაც უნივერსიტეტის სისტემა მოითხოვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გაცდენებში კი არ დაწერილიყო „არები“ [რის გამოც ისინი არ დაიშვებიან გამოცდაზე], არამედ დასწრების სანაცვლოდ მიეღოთ ქულები და ამით წახალისებულიყვნენ. ამ შემთხვევაში ახალ რეგულაციას სტუდენტების ასეთი უკმაყოფილება არ მოჰყვებოდა“.

ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგი სტუდენტების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოჩვენებითია: „ის, რასაც ეს რეფორმა ებრძვის, არ წარმოადგენს პრობლემის სათავეს და ეს ცვლილება ემსახურება უნივერსიტეტში არსებული პრობლემის, ამ შემთხვევაში, ლექციების დაბალი ხარისხის გადაფარვას და წარმოსახვითი მდგომარეობის შექმნას. „რეფორმა“ ებრძვის პრობლემის შედეგს და არა პრობლემას.“

ლექციებზე სტუდენტების მოსაზიდად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმს მიმართავდა. დაახლოებით 10 წლის წინ ბსუ-ში გაცდენებზე ფულადი ჯარიმის ამოქმედებაც კი სცადეს, თუმცა მალევე გააუქმეს.

სტუდენტების მიერ ლექციების გაცდენის საკითხი მხოლოდ ქართული უნივერსიტეტების პრობლემა როდია. რამდენიმე წლის წინ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამავე უნივერსიტეტში ყოველი ოთხი სტუდენტიდან სამი ლექციების დაახლოებით 75%-ს ესწრებოდა.

გამოკითხული სტუდენტების უმეტესობამ ლექციების გაცდენის ძირითად მიზეზად ლექციების ხარისხი დაასახელა.

ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობს ლექციებზე დასწრების ორივე ფორმის პრაქტიკა – სავალდებულო და თავისუფალიც. დასწრების ფორმა კონკრეტულ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზეა დამოკიდებული.

უნივერსიტეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: