მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

80-მდე უსახურავო სახლი ქედაში

07.02.2016 • 1430
80-მდე უსახურავო სახლი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ გამონახეს.

გასულ წელთან შედარებით ქედაში წელს ერთით ნაკლები სოციალური პროგრამა ხორციელდება. გამგეობის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხრა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად 2016 წელს აქ 207 910 ლარია გაწერილი, რაც გასული წლის სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან შედარებით 31 000 ლარით ნაკლებია.

დავით თედორაძე ამბობს, რომ  სახურავების გარდა ქედაში მოსახლეობა ყველაზე ხშირად მკურნალობისა და მგზავრობის დაფინანსებას ითხოვს.

„საყოველთაო დაზღვევა მკურნალობას გარკვეული პროცენტით აფინანსებს, მოსახლეობის ნაწილი დარჩენილი თანხის, ნაწილი კი მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამებით მკურნალობისა და ტრანსპორტირების ხარჯები არ ფინანსდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც უშუალოდ პროგრამით არის გაწერილი“, – ამბობს დავით თედორაძე და დასძენს, რომ წელს ახალი პროგრამა მოქმედებს. – „ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით გასულ წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გვქონდა, რომლის ფარგლებში ყოველი ბავშვის შეძენაზე ოჯახს ფინანსურად ვეხმარებოდით. ახლა მთის კანონი შევიდა ძალაში – აღნიშნული დახმარება ამ კანონით არის გაწერილი, შესაბამისად, გაორება რომ არ მოხდეს, ჩვენ ეს პროგრამა ამოვიღეთ. წელს ახალი პროგრამით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 13 შშმ ბავშვს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით რეაბილიტაციის კურსს გადიან ბათუმში, მგზავრობას ვუფინანსებთ თანმხლებ პირთან ერთად. პროგრამის ბიუჯეტი 8 400 ლარია“.

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად სოციალური პროგრამების რაოდენობა შემცირებულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, არასაომარ მდგომარეობაში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამას შუახევის გამგეობა წელს აღარ განახორციელებს. გასულ წელს ამ პროგრამით 18-მა ოჯახმა ისარგებლა და ერთჯერადად დახმარება – 150 ლარი მიიღო.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე პროგრამის გაუქმებას ასე ხსნის:

„ასეთი 20 ოჯახი გვყავს, შესაბამისად, გასულ წელს პროგრამა 20 ოჯახზე შევიმუშავეთ. ჩვენ ყველა მათგანს ვაცნობეთ პროგრამის შესახებ და ვუთხარით, დახმარების მისაღებად გამგეობაში შემოეტანათ განაცხადი შესაბამის ცნობასთან ერთად. თუმცა ფინანსური დახმარების მისაღებად მხოლოდ 18-მა მოგვმართა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

აღნიშნული პროგრამის გარდა შუახევში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი კვების უზრუნველყოფის, ყოველ მესამე და მომდევნო შვილის შეძენაზე ერთჯერადი დახმარების, ხუთ და მეტ მცირეწლოვან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების, გაჭირვებულ ოჯახთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი დახმარების, 18-წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების, დიალეზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა მოქმედებს.

ზაზა ზოიძის თქმით, პროგრამებით შუახევში მცხოვრები ყველა ის მოქალაქე სარგებლობს, ვინც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვინც მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა. ზაზა ზოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ვინმე სახელმწიფოსგან უფასოდ მედიკამენტების მიღების სურვილს გამოთქვამს და დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პროგრამაში გაითვალისწინებენ.

„უფასო სადილის პროგრამა მოთხოვნის შესაბამისად 42 ბენეფიციარზე შევიმუშავეთ, თუმცა ამ დროისთვის 38 ბენეფიციარი გვყავს. თუ ვინმე მოინდომებს უფასო სადილი მიიღოს დღეში ერთხელ და პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პროგრამაში ჩავრთავთ,“ – ამბობს სამსახურის უფროსი.

შუახევშიც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლების გადახურვას სთხოვს. სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაზაფხულზე დამატებით ორ სოციალურ პროგრამას განახორციელებენ, რომლის ფარგლებში შშმ ბავშვებს რეაბილიტაციისთვის მგზავრობის თანხას დაუფინანსებენ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენენ.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც რეაბილიტაციის კურს გადიან ბათუმში, გვინდა მგზავრობა დავუფინანსოთ, მუნიციპალიტეტში ასეთი პრობლემის მქონე 36 ბავშვია. ვაზუსტებთ, რომელ სოფლებში ცხოვრობენ და ხარჯს დავითვლით. რაც შეეხება მოთხოვნას სახლის სახურავებთან დაკავშირებით, სახურავით დახმარება შუახევში 50-მდე ოჯახს ესაჭიროება, რისთვისაც დაახლოებით 40 000  ლარია საჭირო. სახურავით დახმარების პროგრამა გასულ წელს გვქონდა, რომლის ფარგლებშიც 2300 ცალი თუნუქის ფურცელი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადავეცით,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ გასულ წელთან შედარებით 2016 წელს დამატებით ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს.

„გასულ წელს ცხრა სოციალური პროგრამა გვქონდა, წელს იმ პროგრამებს ორი – პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა დავამატეთ. პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამით 11 ბენეფიციარი სარგებლობს, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება, მომართვიანობის შემთხვევაში პროგრამაში ჩავრთავთ. რაც შეეხება მეორე პროგრამას, მისი მოსარგებლე 40 ბენეფიციარი გვყავს,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ბულბული აბაშიძე.

სოციალურ პროგრამებზე ხულოში წელს 300 132 ლარია გაწერილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: