მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

05.02.2016 • 3197
რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 2132015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, აჭარაში რამდენი პროფესიით მასწავლებელი ცდილობს სკოლაში მუშაობის დაწყებას და აქედან რამდენი საჭიროებს 60-კრედიტიანი სავალდებულო პროგრამის გავლას. ბათუმში ამ პროგრამის გავლა, სავარაუდოდ, 2 250 ლარი ეღირება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის სოფო ლობჟანიძის განცხადებით, პირს, რომელსაც სურს სკოლაში პედაგოგად მუშაობა, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის გარდა,

აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი დარგის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი, 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის.

„აღნიშნული პროგრამა დიდი ხანია არსებობს. მას 12 უნივერსიტეტი ამუშავებს, რომელიც ჩაშენებულია საბაკალავრო კურსში. ეს არის დამატებითი, მაინორ პროგრამა“.

სოფო ლობჟანიძის თქმით, თუ სტუდენტს აქვს გრანტი და მის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, დამატებითი პროგრამის საფასურსაც სახელმწიფო დაუფინანსებს. „უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიეცემა ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი და მასწავლებლობის უფლების სერტიფიკატი ამ პროგრამის გავლის შემდეგ“.

მათ კი, ვისაც აქვთ შესაბამისი დარგის დიპლომი, მაგრამ არ აქვთ გავლილი მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, დამოუკიდებლად მოუწევთ პროგრამის გავლა. „მასწავლებლობის მსურველი როცა აბარებს საგნის გამოცდას ეროვნულ ცენტრში, ამის შემდეგ ის აბარებს მასწავლებლის მომზადების ამ 60-კრედიტიან პროგრამას. ჯერ დაფინანსების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ამჟამად სახელმწიფო მუშაობს დეფიციტის გამოვლენაზე და ბიუჯეტიდან მხოლოდ დეფიციტური მიმართულებები დაფინანსდება. დეფიციტურ მიმართულებებზე თვის ბოლოს გვექნება მონაცემები და დაფინანსებაც რანჟირების მიხედვით მოხდება,“ – ამბობს სოფო ლობჟანიძე.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის, მადონა მიქელაძის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტი 60-კრედიტიან ახალ პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს.

მადონა მიქელაძე

„მასწავლებლის მომზადების ახალი, ერთწლიანი პროგრამა ჩვენ მარტის დასაწყისში უნდა წარვადგინოთ აკრედიტაციაზე. იმედი გვაქვს, აკრედიტაციას გავივლით“.
კითხვაზე: მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა, რასაც დღეს გადიან ბაკალავრები, რითი იქნება განსხვავებული იმისგან, რომელსაც ისინი მარტის დასაწყისში წარადგენენ აკრედიტაციისთვის? მადონა მიქელაძე ამბობს: „დღეს მოქმედი პროგრამა ბაკალავრიატის ფარგლებშია მომზადებული, ახალი კი გათვლილი იქნება მათთვის, ვისაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, მაგრამ მასწავლებლის პროგრამა გავლილი არ აქვს. რაღაც ნიუანსები იქნება განსხვავებული, ჯერ სტანდარტი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ამ დეტალებს დავაზუსტებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, როცა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურში გვექნება შეხვედრა“.
მადონა მიქელაძის თქმით, მასწავლებლის მომზადების პროგრამის მიმართ დაინტერესება მაღალია: „პირადად მე სულ ცოტა 60 ზარი მივიღე პედაგოგებისგან, მათ შორის იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისგან, რომლებსაც უნდათ, რომ გაიარონ აღნიშნული პროგრამა. ზუსტი მონაცემი, თუ რამდენ მასწავლებელს არ აქვს გავლილი პროგრამა, არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ დაინტერესება ძალიან დიდი იქნება“.

როგორც სოფო ლობჟანიძე განმარტავს, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სავალდებულო არ იქნება:
„აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მოქმედ მასწავლებლებზე, მათ შორის პრაქტიკოსებზეც. მაგრამ პრაქტიკოსის ვალდებულებაა სქემის ამოქმედებიდან პირველ სამ წელიწადში 5-კრედიტიანი მოდულის გავლა ზოგად დიდაქტიკასა და საგნის სწავლების მეთოდიკაში.“
გარდა ამისა, როგორც სოფო ლობჟანიძე ამბობს, თუ მასწავლებლობის მსურველს ჩაბარებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის გამოცდა და გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში ის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით განაწილდება უფროს მასწავლებლად იმ ვალდებულებით, რომ მან ერთი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა გაიაროს გარე საგაკვეთილო დაკვირვება. „სწორედ ამის მერე მიენიჭება მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი“.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, მადონა მიქელაძის თქმით, „განათლების ფაკულტეტზე სწავლა წელიწადში 2 250 ლარი ღირს და ამ პროგრამის საფასურიც ალბათ ამდენივე იქნება“.

განათლების ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ ფაკულტეტზე 100-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების დამატებით პროგრამასაც გადიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: