მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

30.01.2016 • 3535
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

რა დოკუმენტებია საჭირო და რა პროცედურებია გასავლელი სტატუსის მისანიჭებლად – „ბათუმელების“ შეკითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ უპასუხა:

ბესიკ ბაუჩაძე

ბესიკ ბაუჩაძე

აღსანიშნავია, რომ მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად გაიყო. პირველი – განისაზღვრა ბენეფიციარები, რომლებსაც განცხადებით მომართვა არ ეკისრებათ. მათ ავტომატურად ვანიჭებთ სტატუსს. მეორე – ბენეფიციარები, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოგვმართონ განცხადებით.

ავტომატურად ვანიჭებთ სტატუსს ყველას, ვინც პენსიონერია და ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. სოციალურმა სააგენტომ მოგვაწოდა სია. ამაში შედიან პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან,  კანონით გათვალისწინებული 100 ათასზე ნაკლები ქულით.

სტატუსის ავტომატურად მინიჭების პროცერდურა როგორია?

პირველ რიგში ვაგზავნით წერილებს შესაბამის სამინისტროებში. ეს არის ჯანდაცვის, განათლების სამინისტროები, ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციები, სადაც შესაბამისად დასაქმებულნი არიან ეს პირები. ამის შემდგომ, ეს სიები ეგზავნება რეგიონალური განვითარების სამინისტროს სერვისების სააგენტოს და ისინი ფილტრავენ ამ სიებს პირთა რეგისტრაციის მიხედვით.

სტატუსი რომ მიენიჭოს პირს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს :

პირველი – უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; მეორე – რეგისტრირებული უნდა იყოს იმ დასახლებაში სადაც ითხოვს სტატუსს [ჩვენს შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტში] და მესამე – მთელი ერთი წლის განმავლობაში, ჯამში, მინიმუმ 9 თვე, უნდა ცხოვრობდეს ამავე დასახლებაში, ანუ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამიტომ, იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც სტატუსს ავტომატურად ვანიჭებთ, ამ სამივე კრიტერიუმს ვადგენთ სერვისებისა და სოციალური სააგენტოების დახმარებით.

პედაგოგები, რომლებიც არ არიან ამ ბაზაში, ვალდებულნი არიან თუ არა მოგმართონ?

პედაგოგებს ავტომატურად ეძლევათ კუთვნილი დანამატი, ამიტომ არ არის აუცილებელი მოგვმართონ. თუმცა, თუ ხულოს მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული და სხვა სახის, მაგალითად გათბობაზე, ელექტროენერგიაზე შეღავათით სარგებლობა სურს, მაშინ უნდა მიიღოს სტატუსი, ანუ უნდა მოგვმართოს განცხადებით. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე ისედაც არ ვრცელდება.

კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს?

გამგეობაში შექმნილია სტატუსის მინიჭების საბჭო, რომლის ვალდებულებაა შემოსული განცხადების საფუძველზე  შეისწავლოს მოქალაქის მდგომარეობა სამივე კრიტერიუმით და რეკომენდაციით წარსდგეს გამგებელთან, რათა გამგებელმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ვადა თუ აქვს საბჭოს, რა პერიოდში უნდა განიხილოს განცხადება?

განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ და პასუხი მივაწოდოთ განცხადების შემომტანს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც ავტომატურად ენიჭებათ სტატუსი – მინიჭებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოთ მათ ამის შესახებ.

ექიმებთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურებია რაც პედაგოგებთან მიმართებაში ახსენეთ?

ექიმებსაც ანალოგიურად, მათაც ეძლევათ დანამატი. მაგრამ თუ ისინი ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პედაგოგების მსგავსად, შეუძლიათ მოგვმართონ, თუ სხვა შეღავათებით სარგებლობა სურთ. ექიმები არ იქნებიან, ალბათ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ თუ ექიმი არის შშმ პირი და სახელმწიფოსგან ღებულობს რაიმე დახმარებას დამატებით, ის იქნება ბაზაში და მას აღარ დაჭირდება მომართვა, ანუ სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგმართოთ? და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს?

შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ დროს და უნდა წარმოადგინოს: პირველ რიგში განცხადება გამგებლის სახელზე, რომ სტატუსის მინიჭებას ითხოვს; პირადობის მოწმობა [თუ ID ბარათი აქვს, მაშინ სამოქალაქო რეესტრიდან ამონაწერი, რომ რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში]; ასევე უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის განცხადება [გვაქვს სპეციალური შესავსები ფორმები], რომლებიც დაადასტურებენ, რომ პირი ცხოვრობს მინიმუმ 9 თვე ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამასთან, თუ პირი რომელიმე ორგანიზაციაში მუშაობს  უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება ან საბანკო ამონაწერი [რათა დავადგინოთ 9-თვიანი ცხოვრების კრიტერიუმი], ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც მას საბჭო დამატებით მოსთხოვს [შეიძლება ეს იყოს ელექტროენერგიის გადახდის ქვითარი, მიწის რეგისტრაციის მოწმობა, ჰყავს თუ არა მსხვილფეხა პირუტყვი, ან აქვს თუ არა რაიმე დამხმარე მეურნეობა და სხვ.] ამ ყველაფერს შემდეგ ვამოწმებთ.

თქვენ ემორჩილებით საბჭოს დასკვნას თუ დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებას?

მე მაქვს უფლება დავეთანხმო ან არ დავეთანხო საბჭოს. თუ არ ვეთანხმები, დოკუმენტაცია გადადის დამატებით მოკვლევაზე.

თუ პირი რეგისტრირებულია, ვთქვათ, დიდაჭარაში და 6 თვე ცხოვრობს/მუშაობს დაბა ხულოში,  ეს პრობლემას ხომ არ წარმოშობს იმ 9-თვიანი პერიოდის განსაზღვრისას?

ეს არ იქნება პრობლემა – მთავარია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყოს დარეგისტრირებული და ცხოვრობდეს ასევე ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თუ დარეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერ დავადგინეთ რომ  ცხოვრობდა  ვთქვათ დაბა ხულოში, ან მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტში,  მაშინ პრობლემა იქნება და ვერ მივანიჭებთ სტატუსს.

რა კრიტერიუმებია 16-დან 18-წლამდე პირებთან მიმართებაში?

ისინიც ჩვეულებრივად წარმოადგენენ განცხადებას და მიიღებენ სტატუსს. მშობლის განცხადებაც უნდა იყოს, თუმცა საბჭოს გადასაწყვეტია, რა დოკუმენტებს მოთხოვს, რათა ის 9-თვიანი ვადა დადგინდეს. შეიძლება სკოლამ ან პროფესიულმა სასწავლებელმა წარმოადგინოს ასეთი პირების სია.

ანუ, მოსწავლე, სტუდენტი რომელიც რეგისტრირებულია ხულოში და ვთქვათ, სწავლობს ბათუმში, შუახევში ან თბილისში, სტატუსს ვერ მიიღებს?

რა თქმა უნდა ვერ მიიღებს.

16-წლამდე მოზარდების შემთხვევაში?

ფაქტობრივად, ბავშვები რაიმე შეღავათს არ ღებულობენ. მათზე ვაუჩერს ღებულობს სასწავლებელი, ამიტომ სკოლა გადააგზავნის ამ სიებს. თუმცა, ბავშვებს, რომლებიც ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ, რომლებიც სოციალურ ბაზაშია, ყველას მივანიჭეთ სტატუსი ავტომატურად .

ამ დროისთვის რამდენ პირს მიანიჭეთ სტატუსი?

დღეის მდგომარეობით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 21 ათასზე მეტ ადამიანს მივანიჭეთ. ეს, ძირითადად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირებია.

ვთქვათ, არ მიანიჭეთ სტატუსი. სად უნდა გაასაჩივროს მოქალაქემ თქვენი გადაწყვეტილება?

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს სერვისების  სააგენტოს და თუ მაინც არ მიენიჭა სტატუსი, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

ვინ განახორციელებს, ასე ვთქვათ, კონტროლს, რათა მოხდეს სტატუსის შეწყვეტა, თუ აღარ აკმაყოფილებს პირი არსებულ კრიტერიუმებს?

უკვე გამოყოფილია მონიტორინგის ჯგუფი. ვალდებულება არის, რომ მუნიციპალიტეტის 25% დაიფაროს წელიწადში, ანუ შემოწმდეს. ამ ჯგუფში შედის როგორც გამგეობის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე გამგეობის სხვა თანამშრომლებიც.

საბჭოსა და ამ ჯგუფის შრომა დამატებით ანაზღაურდება?

არ არის დამატებითი ანაზღაურება ამ ეტაპზე. თუმცა შესაძლოა შემდგომში გაიცეს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ხომ არ არის ისეთი პრობლემა, რაც ადგილზე გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას?

ფაქტობრივად არა. „მთის კანონთან“ მიმართებაში აქ კითხვა ისმება, ძირითადად, ბავშვის შეძენის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ დახმარების მისაღებად. არ უნდა მოგვმართონ მუნიციპალიტეტს. უნდა მიმართონ სოციალურ სააგენტოს – შესაბამის განყოფილებებს, დოკუმენტაციით. ანუ, დაბადების მოწმობით, განცხადებით და ასევე ჩვენგან გაცემული ცნობით, რომ ერთ-ერთ მშობელი მაინც არის მუდმივად მაცხოვრები პირის სტატუსის მქონე. შემდეგ თანხა დაერიცხებათ თავიანთ ანგარიშებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: