მთავარი,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

28.01.2016 • 1938
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა.

„ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.

საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს  დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: