მთავარი,სიახლეები

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

27.01.2016 • 2072
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებით. სამივე მათგანი სამთავრობო კომისიამ შეარჩია.

პაატა ჯალაღონია

პაატა ჯალაღონია

პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებადე პაატა ჯალაღონია არასამთავრობო სექტორში მუშაობდა:

2010 -2012 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროგრამების კოორდინატორი იყო. 2007 -2009 წლებში პაატა ჯალაღონია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის რწმუნებული იყო ბათუმში. მანამდე სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ ცენტრს, იყო საიას იურისტი და ეწეოდა პედაგოგიურ საქიმიანობასაც.

დავით ქარცივაძე

დავით ქარცივაძე

დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2014 წლიდან 2015 წლის იანვრამდე ის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 -2013 წლებში კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიწვეული სპეციალისტი იყო.

რაც შეეხება მის საარჩევნო გამოცდილებას – 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.

დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძე

უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი პრეტენდენტი დავით კვაჭაძე, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, თბილისში ცხოვრობს. ის 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.

1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა.
უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.

ვისზე გააკეთებს არჩილ ხაბაძე არჩევანს, ეს 29 იანვარს დღის ბოლომდე გაირკვევა. უსკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით აირჩევენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: