მთავარი,სიახლეები

წერილი ბათუმის ციხიდან

25.01.2016 • 1279
წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა.

პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია.

„ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს დავიწყე შიმშილობა“, – ნათქვამია პატიმრის წერილში. პატიმარი რეჟიმის უფროსის გადაწყვეტილებას მის მიერ დაწერილ წინა საჩივრებს უკავშირებს. „ეხლა სანამ საჩივრების წერას და შიმშილობას დაიწყებ, სანამ მე გამიხარდება მანდ იქნებიო“, – წერს პატიმარი კ.მ. რეჟიმის უფროსის შესახებ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კ.მ.-ს შიმშილობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ პატიმარს მეტალის ნივთი არ გადაუყლაპავს.

პატიმარმა კ.მ.-მ დახმარების თხოვნის წერილით უკვე მიმართა ხელისუფლებას და უფლებათადამცველებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რა ინფორმაცია აქვს პატიმრის შიმშილობის შესახებ, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: