მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

25.01.2016 • 1482
ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს.

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია თოვლის საფარი, დაიწყო უკვე ტექნიკამ მუშაობა, იწმინდება გზები და დაახლოებით ერთ საათში ძირითადი ნაწილი იქნება გაწმენდილი. დანისპარაულიდანაც, რომელიც მაღალი სოფელია, ჯაჭვებით გამოვიდა ტრანსპორტი ქალაქის მიმართულებით, ისევე როგორც სხვა სოფლებიდან. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია,“ -ამბობს ხულოს გამგებელი.

ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალმთიან ზონაში – 20 სანტიმეტრი. გამგებელი ამბობს, რომ ელექტროენერგია ღამის განმავლობაში რამდენიმე თემს გაეთიშა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ორხიდიანი მანქანები ყველგან გადაადგილდება, ტექნიკა მწყობრშია, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკა გვყავს მუნიციპალიტეტში,“ – ამბობს გამგებელი.

თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ამ დროისთვის ქობულეთში 6 000 აბონენტია გათიშული. ელექტროენერგია არ მიეწოდება გვარას, ლეღვას, წყავროკას, შუაღელეს, ბუკნარსა და ციხისძირს, სადაც, გამგებლის თქმით, ევკალიპტის ტოტებმა ელექტროსადენები დააზიანა. სულხან ევგენიძე ამბობს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება საღამომდე უნდა აღდგეს.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 ერთეული ტექნიკა მუშაობს გზის გასაწმენდად, „და კიდევ სამი ერთეული ტექნიკა დამატებით გვათხოვეს კერძო კომპანიებმა, გადაადგილების პრობლემა არ არის,“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ თოვლს ამ დროისთვის ქედაში პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაადგილდება.

„ყველაზე დიდი თოვლის საფარი სოფელ ზუნდაგაშია -აქ თოვლი 70 სანტიმეტრს აღწევს, რაც შეეხება დაბას, 25 სანტიმეტრამდეა თოვლი. იწმინდება შიდა სასოფლო გზები პირველ ეტაპზე იმ სოფლებში, სადაც ასფალტის საფარია, უჩხითის, გეგელიძეების, ოქტომბრის, მერისის მიმართულებით 11 ტექნიკა მუშაობს, რაც შეეხება შუქის მიწოდებას, შუქი მხოლოდ მახუნცეთის თემს არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო 6 ბაღი და ოთხი საჯარო სკოლა არ მუშაობს,“ – ამბობს გამგებელი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. „მუშაობს 12 ერთეული ტექნიკა, გზები იწმინდება. გვაქვს პრობლემები, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები არ არის. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ შტაბში. თოვლის საფარი 20 სანტიმეტრიდან ნახევარ მეტრომდეა, გააჩნია ადგილს,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: