სიახლეები

პრემიები, დანამატები და მთავრობის სამოქმედო გეგმა

24.01.2016 • 1602
პრემიები, დანამატები და მთავრობის სამოქმედო გეგმა

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირებას საქართველოს მთავრობა 2016-2017 წლებში აპირებს. მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საკითხის მოგვარების მიზნით 2016 წელს შემუშავდება შრომის ანაზღაურების სქემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ახალი კანონით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის სისტემასთან.  შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ კანონპროექტს.

პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით მთავრობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

„მიზანშეწონილია, შემუშავებულ იქნეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირების მიზნით; აუცილებელია, დამატებით განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის დასაბუთება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თანამშრომელთა პრემირების ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის გამჭვირვალობის ზრდას; მნიშვნელოვანია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების დანერგვის მიმართულებაზე, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე, რაც უზრუნველყოფდა პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების გამჭვირვალობასა და დასაბუთებას“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში.

მთავრობის ინფორმაციით „ამ რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხები მოცულია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ახალ სისტემას და ითვალისწინებს დავალებას შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების საკითხებს“.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 443 მილიონზე მეტი დაიხარჯება საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის [პრემიებისა და დანამატის ჩათვლით], 39 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება აჭარის 2016 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო ბათუმის ბიუჯეტში შრომის ასანაზღაურებლად 20 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

აჭარაში, 2014 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, 1 მილიონამდე ლარი პრემია გაიცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: