სიახლეები

მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა

24.01.2016 • 1685
მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა

გარკვეული ფიზიკური პირების მიმართ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტები თავიანთი ინიციატივით, კანონით, 2016 წლის 15 იანვრამდე, ახორციელებდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი აღნიშნული ვადა ერთი თვით, 2016 წლის 15 თებერვლამდე გადაიწია.

შესაბამისად:

„სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი 2016 წლის 15 თებერვლამდე თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და, შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მიეკუთვნება შესაბამისი წესით განსაზღვრულ პირთა წრეს და აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 2016 წლის 15 თებერვლამდე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.“

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე  დადგენილება მთავრობამ 2016 წლის 16 იანვარს მიიღო და ძალაში 2016 წლის 14 იანვრიდან შევიდა.

აღნიშნული წესის მიხედვით, ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: