მთავარი,სიახლეები

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

21.01.2016 • 2723
სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს.

სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: