მთავარი,სიახლეები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე

20.01.2016 • 2539
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე

„ტელეარხ 25“-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განცხადება გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით, არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები – არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა მენეჯმენტმა თანამშრომელთა გათავისუფლება და არა კონფლიქტის სხვა გზით მოგვარება; არხის მენეჯმენტმა და მლობელებმა პატივი უნდა სცენ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების მიერ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს “ტელეარხ 25-ის” ნათესავებზე ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტი. უნდა დადგინდეს აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი შპს “ტელეარხ 25-ის” წილების დათმობას და დამფუძნებლების ნათესავებისთვის ერთად ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის ფაქტს; საგამოძიებო პროცესების დაუსრულებლობამ შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს არხის მუშაობასა და განვითარებაზე;

უმნიშვნელოვანესია “ტელეარხ 25-ის” დამფუძნებლებზე განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოძიება. პროცესის გაჭიანურება აჩენს კითხვებს გამოძიების დასრულების ნების უქონლობასთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

2016 წლის 11 იანვარს, 10 დღიანი პაუზის შემდეგ, „ტელეარხ 25-ის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა განაახლა. საინფორმაციო გამოშვებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ „დიალოგის“ შეჩერების მიზეზი ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების სრული შემადგენლობის დათხოვნა გახდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან მხოლოდ ჟურნალისტები, ნინო ხელაძე, ჯაბა ანანიძე, ირმა ზოიძე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაია მერკვილაძე გაათავისუფლა. არხიდან დათხოვნილ თანამშრომლებს გათავისუფლების ბრძანება 2016 წლის 11 იანვარს ჩაბარდათ.

არხის მფლობელების და მენეჯმენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაია მერკვილაძის 2015 წლის 29 დეკემბრის ბრიფინგი, სადაც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: