მთავარი,სიახლეები

„ბედნიერი საქართველოსთვის“ – მზადება ფორუმისთვის და მურმან დუმბაძის ბრალდება პრემიერს

20.01.2016 • 2367
„ბედნიერი საქართველოსთვის“ – მზადება ფორუმისთვის და მურმან დუმბაძის ბრალდება პრემიერს

ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა დიდ ფორუმამდე, რომელსაც ახლადშექმნილი პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ გეგმავს, ორი თვეც არ რჩება: „ზამთარს არ გასცდება, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში ოფისიც ექნება“. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კი, რომელიც ამ პარტიას შეუერთდა, საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს პარტიის მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს. მან პარტიის უახლეს გეგმებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო მურმან, შეგიძლიათ უკვე დაგვისახელოთ საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიდან ვინ გაერთიანდება თქვენს გუნდში?

„დამფუძნებლებს შორის იქნებიან ცნობილი სახეები, რომელთა ვინაობასაც ჯერ ვერ დაგისახელებთ. სახე, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში საკუთარი სიტყვა არ უთქვამს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არ იქნებიან. სალიდერო პოზიციას დაიჭერენ ადამიანები, რომლებსაც წონა აქვთ პოლიტიკაში, რომლებსაც აინტერესებთ სახელმწიფოს მართვა იმნაირად, როგორც მათ ესმით. ეს არის ჩვენი პრინციპი. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ბევრი მოქალაქე გვიკავშირდება და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პარტიის დარეგიტრირების შემდეგ ისინი ჩვენთან გაწევრიანდებიან და ითანამშრომლებენ ბოლომდე.“

ყრილობაზე წარადგენთ პარტიის სამოქმედო გეგმას, რა იქნება მთავარი მესიჯები?

თავად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ უკვე გამოაქვეყნა პარტიის პროგრამის მიმოხილვითი ვერსია ქართულ და რუსულ ენებზე. ახლა პირველი დამფუძნებელი ყრილობის სამზადისია. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ, რომელიც კვირიკაშვილის სახით მოვიდა, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მესიჯი გაახმოვანა, რომელიც ჩვენი პარტიის მიმოხილვით ნაწილშია ჩაწერილი.

კონკრეტულად?

ეს არის გადასახადების თანმიმდევრული შემცირება, უსახლკარო ბავშვებისთვის სოციალური თავშესაფრების მოწყობა. ჩერნოვეცკი თავის პროგრამაში ამბობს, რომ უნდა შევამციროთ საბიუჯეტო ხარჯები, ჩინოვნიკების კომფორტი უნდა მოისპოს. მგონი, მესიჯების ის ნაწილი, რომელიც მიმოხილვით ვერსიაში იყო, კვირიკაშვილს კარგად აქვს შესწავლილი და მგონია, რომ ის ამ მესიჯებით სარგებლობს.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური ორგანიზაციიდან გეგმავენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: