მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს

18.01.2016 • 2585
გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს

დამნაშავე დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტში გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ პასუხი მასაც მოსთხოვეს – ის სამსახურიდან დაითხოვეს.

თემურ აბაშიძის ინფორმაციით ხულოს სასწარაფო დახმარების მძღოლად 11 წელია მუშაობს და ამ დრომდე მას სამსახურში პრობლემები არ შექმნია. 2015 წლის 26 ივნისს კი სამსახურის მანქანა, რომელის მძღოლადაც ის მუშაობდა, ავტოფარეხიდან გაიტაცეს და დააზიანეს. პოლიციამ სამართალდამრღვევი დააკავა და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

2016 წლის 1 იანვრამდე თემურ აბაშიძე ხულოს სასწრაფო სამედიცინო განყოფილების მძღოლად მუშაობდა, თუმცა ახალი წლიდან მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს: „მითხრეს, რომ მანქანა დაზიანდა, ამიტომ მე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი“.

საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის დავით ტორუას განმარტებით თემურ გაბაიძე დაუდევრად მოიქცა, მან სამსახურის მანქანაში დატოვა გასაღები, რითაც გამტაცებელმა ისარგებლა, ეს კი იმის მიზეზი გახდა, რომ სადაზღვეო კომპანიამ ზარალი არ აანაზღაურა. ამით სახელმწიფოს 9 000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

„ჩვენ შეგვეძლო ამის გამო მისთვის დისციპლინარული სასჯელი მიგვეცა, მაგრამ როცა ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე თვეში ისედაც დასრულდებოდა მასთან დადებული ხელშეკრულების ვადა, ამიტომ ის დაუდევრად მოქცევის მიზეზით არ გავათავისუფლეთ, თუმცა ეს შეგვეძლო. “

თემურ აბაშიძის თქმით ის, იმ დროს, მალევე მეორე გამოძახებაზე აპირებდა წასვლას, ამიტომ გასაღები მანქანაში დატოვა: „ თანაც მანქანა უკვე ჩვენ ავტოფარეხში იყო გაჩერებული, სულ ათ წუთში მოხდა ეს ამბავი. მოსამართლემ კი სასამართლო პროცესზე გასაღების მანქანაში დატოვება დანაშაულად არ მიიჩნია.“
სამსახურში აღსადგენად თემურ აბაშიძე სასამართლოში იბრძოლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: