მთავარი,სიახლეები

„ფოსტის“ ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას „მეტრო“ დაასრულებს

18.01.2016 • 3727
„ფოსტის“ ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას „მეტრო“ დაასრულებს

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებს. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა გააგრძელოს, მთელ ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა. ქონების მეპატრონედ კი თურქული „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მეპატრონის განცხადებით, ვადა გადაიწია.

რატომ გახდა აუცილებელი მშენებელი კომპანიის შეცვლა? – ამ კითხვაზე „ბათუმელებთან“ „აქთივ ბათუმის“ გენერალურმა მენეჯერმა მამუკა ზაქარაძემ განაცხადა, რომ „ეს კონფიდენციალურია. იყო რაღაც გაუგებრობა კომპანიებს შორის ვადებთან დაკავშირებით“.

ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმრო „პრინცესა“ და კაზინო შენდება.

ახალდაქირავებულმა კომპანია „მეტრო მეფ“-მა, რომელმაც ყოფილი ფოსტის ადგილზე მშენებლობა უნდა დაასრულოს, აქ არსებული მთელი ქონება, ანუ დამკვეთის – „აქთივ ბათუმის“ საკუთრება, იპოთეკით დატვირთა. იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის თხოვნით „მეტრო მეფ“-მა რეესტრს უკვე მიმართა [საუბარია ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარე 2225 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და 3448 კვ/მეტრ შენობა-ნაგებობებზე].

„ეს ხდება მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მხარეების  კომერციული საიდუმლოებაა და ასევე კონფიდენციალურია. რაც საჯარო ინფორმაციაა, გიდასტურებთ, რომ „აქთივ ბათუმი“ რჩება მესაკუთრედ და დაასრულებს მშენებლობას იმ ვადაში, რაც ნაკისრი აქვს ხელშეკრულებით. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროსა და კაზინოს გახსნის საბოლოო ვადა 2016 წლის აგვისტოა“, – განაცხადა მამუკა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, დროის გადაწევა პროექტის მასშტაბურობის გაზრდამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია და ცვლილებები შეთანხმებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.

შეკითხვით, თუ როდემდე და რის საფუძველზე გადაიწია ვადა,  ან ხომ არ დაუჯარიმებიათ კომპანია ვადების დარღვევის გამო, სამინისტროსაც მივმართეთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დეტალები, რაც გვაინტერესებს და რაც კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ, როგორც საჯარო ინფორმაცია.

სააქციო საზოგადოება „მეტრო მეფ“ რეგისტრირებულია 2015 წლის 2 ივლისს. კომპანიის შექმნა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სტამბოლში, ამავე წლის 15 ივნისს გადაწყდა. „მეტრო მეფ“-ის 55%-ს ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილი კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია“, ხოლო 45%-ს თურქეთის მოქალაქე საბრი ჯანდემირი ფლობს. ამ დროისთვის კომპანიის დირექტორები არიან რაულ კახაძე, საბრი ჯანდემირი და ფატმა თუღჩე აიაღ. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად კი კომპანიის ორი დირექტორის თანხმობაა საკმარისი.

ფატმა თუღჩე აიაღ, „ბათუმელების“ ინფორმაციით ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წარმომადგენელია. თავად გალიფ ოზთურქი კი, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე. „ბათუმელები“ წერდა, რომ მეტრო ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ სხვა ახალ პროექტში აპირებდა მოცულობითი ინვესტიციების ჩადებას, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში. ამ კუთხით ინვესტორი გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბათუმში სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლებთან თუ მესაკუთრეებთან.

გალიფ ოზთურქიმ საქართველოს სოლიდარობის ფონდში 1 მილიონ ლარამდე გადარიცხა. ბიზნესმენი უკვე შეხვდა  ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს. გალიფ ოზთურქი მრავალგზის შეხვდა ყოფილ პრემიერს – ირაკლი ღარიბაშვილსაც.

მშენებარე სასტუმრო „პრინცესა“

მშენებარე სასტუმრო „პრინცესა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: